“მონანიება” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბრუნდება

თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება. ამჯერად ფილმი წარმოდგენილი იქნება სექციაში “კანის კლასიკა”. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„მონანიების” მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის 3 ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.

„კანის კინოფესტივალი ფილმებს აჩვენებს უმაღლესი ხარისხის ციფრული ფორმატით, ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წლის იანვარში დაიწყო ფილმის აციფვრა – რესტავრაცია. შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერის და ხმის დამუშავება განხორციელდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.“-  ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სექცია “კანის კლასიკა” 2004 წლიდან არსებობს. ამ სექციაში თავს იყრის კინოფესტივალის პროგრამაში ადრე ნაჩვენები ფილმები, რომლებსაც მაყურებელს ამჯერად ციფრულ ფორმატში რესტავრირებულს სთავაზობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები