ზოოპარკის ახალი სიცოცხლის სიმბოლო პირა დედა გახდა
წყალდიდობა რომ მოხდა, იმ ზაფხულს, ზოოპარკში დაბადებული პირველი პატარა პირა იყო, კეთილშობილი ირმის ნუკრი. წელს, უკვე დაფურებული პირა პირველად გახდა დედა. ეს ნუკრები ორივე პირასი არაა. იმავე დღეებში ლეილას გოგო გაუჩნდა, დალილას კი – ბიჭი. ამ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს და საინტერესო ისტორიასაც გვაცნობს პირას და მისი ნუკრის დაბადების დღესთან დაკავშირებით.
„წყალდიდობა რომ მოხდა, იმ ზაფხულს, ზოოპარკში დაბადებული პირველი პატარა პირა იყო, კეთილშობილი ირმის ნუკრი. სახელიც შესაბამისად შევურჩიეთ – ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, წარღვნის შემდეგ დედამიწაზე ორად ორი ადამიანი გადარჩა – პრომეთეს ვაჟი, დევკალიონი და მისი მეუღლე, პირა. მაშინ აღვნიშნეთ, რომ პირა იქნებოდა ზოოპარკის ახალი სიცოცხლის სიმბოლო. ასეც მოხდა. პირას ოჯახი გაიზარდა და გამრავლდა. და წელს, უკვე დაქალებული, უფრო სწორად, დაფურებული პირა პირველად გახდა დედა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მოვლენები ისევე განვითარდა, როგორც პირას დაბადებისას: იმ ღამეს, როცა ახალი სიცოცხლე უნდა მოევლინა ქვეყანაზე, იმგვარი თქეში და დელგმა იყო, თითქოს თავად ზევსს დაეტეხა რისხვა დედამიწისთვის – წყალი ნიაღვრად მოედინებოდა, ქუხილი მიწას აზანზარებდა, ელვის ნათება ყოველ კუთხე-კუნჭულში აღწევდა (ასე ხატოვნად და მონდომებით იმიტომ აღვწერეთ, რომ უკეთ წარმოიდგინოთ სიტუაცია).” – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.