ანა ჩანგიანი A პუნქტიდან B პუნქტამდე
„ყველა საქმიანობა პიროვნების ხასიათიდან იწყება. გარდა იმისა, რომ ანა დადებითი პიროვნებაა, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი და უშრეტი ენერგიის პატრონია. მას პიარისა და ლოჯისტიკის საოცარი ნიჭი გააჩნია. ზუსტად აღიქვამს ადამიანებსა და გარემოს. ჩემი აზრით, ეს ის თვისებებია, რითიც ანა გამოირჩევა და რაც პირველ რიგში სჭირდება მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებს. ამასთან ერთად, ის ძალიან გონიერი ადამიანია, რომელსაც სწორი PR გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია”, – ასე აფასებს მხატვარი ნიკუშა შენგელაია ბრენდინგისა და PR სპეციალისტს ანა ჩანგიანს, რომლის მოღვაწეობაც ამ სფეროში 9 წელიწადს ითვლის.
თუმცა, მას საზოგადოება თავდაპირველად თექის სპეციალისტად, შემდეგ უამრავი კულტურული, საქველმოქმედო აქციების ორგანიზატორად იცნობდა. შემდეგ იყო უამრავი პროექტი, დიდი და პატარა კომპანიები, სტრუქტურა და ორგანიზაცია, რომლებთანაც ანა წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.
თიკა რუხაძე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი:
ანას დიდი ხანია ვიცნობ. მე თავად ვარ კომუნიკაციებისა და პიარის სპეციალისტი, ამიტომ ხშირად გადაკვეთილა ჩვენი გზები სახელოვნებო თუ სხვა ტიპის ღონისძიების ჩატარებისას ან სხვადასხვა ორგანიზაციის PR კამპანიის წარმართვისას. ვფიქრობ, რომ ანა ძალიან კარგი ადამიანია და თავის გარშემო ყოველთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. გუნდურადაც კარგად მუშაობს და მინახავს, ინდივიდუალურადაც როგორ აკეთებს პროქტებს, ამიტომ მას, როგორც კვალიფიციურ პიარსპეციალისტს, მე ნამდვილად ვენდობი. პიარში მთავარია, სწორად ხედავდე, სწორად გესმოდეს და სწორ კომუნიკაციას გეგმავდე. საზოგადოებამდეც სიმართლე ყოველგვარი ტყუილისა და შელამაზების გარეშე უნდა მიგქონდეს და ანას ეს ნამდვილად შეუძლია. მას აქვს სწორი პროფესიული ხედვა და მიმაჩნია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ღირსეული ადამიანია, რომელიც ამ სფეროში მუშაობს.
ანას ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა ცალკე საქველმოქმედო მხარე, რომელსაც ყოველწლიურად, სხვადასხვა ორგანიზაციასთან თუ პიროვნებასთან თანამშრომლობით ახორციელებდა.
ანუკი არეშიძე, დიზაინერი:
ანა არის უაღრესად კეთილი, სანდო, პოზიტივის მატარებელი ადამიანი. მძიმე და რთულ მომენტებში, რომელიც ერთად ხშირად გადაგვიტანია, არის უერთგულესი და ძალიან ენერგიული. მიზანს თუ დაისახავს, მთას მიიყვანს მუჰამედთან და მაინც ბოლომდე მიაღწევს მიზანს. სასწაული უნარი აქვს ადამიანები მის სწორ იდეებში, სწორად დაარწმუნოს, ასევე, შექმნას მეგობრული გარემო ახალ ნაცნობებთან. მოტივირებულია, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, მეტ ადამიანს დაეხმაროს და მისი სიკეთე უამრავ პატარაზე გადაანაწილოს. ანა რომ არა, ბევრ პროექტს ნამდვილად ვერ განვახორციელებდი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვერ გავახარებდი. ანა არის ადამიანი, ვისი იმედიც მუდამ უნდა გქონდეს, ყველაზე რთულ დროსაც კი!
ყველაფერი საინფორმაციო პორტალ „კვირადან“ დაიწყო, როგორც კომერციულმა დირექტორმა. მალევე მიხვდა, რომ მისი უნარები საშუალებას აძლევდა პიარის მიმართულებითაც დაეწყო მუშაობა. დიდი გამოწვევებისა და გამოცდილების შემდეგ, იყო შემოთავაზებები საქართველოს მოწინავე რიგებში მყოფი მსხვილი კომპანიებისგანაც.
მარიამ ქუთათელაძე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი:
ანამ ჩვენთან, თითქმის, 4 წლის განმავლობაში იმუშავა. მე ამ გუნდს 1 წლის წინ შევუერთდი და მინდა გითხრათ, რომ ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი ძალიან ცოტა შემხვედრია. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა დღეა ან დღის რომელი მონაკვეთი – მუშაობა არასდროს ეზარება. რაც ყველაზე მთავარია, საქმეს ძალიან ხარისხიანად და გემოვნებით აკეთებს. ჩვენს კომპანიაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძალიან სწრაფად გვიწევდა ღონისძიების ჩატარება და გარკვეული დროით ადრე დაგეგმვის ფუფუნება არ გვქონია. შესაბამისად, ანაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობდა და სხვადასხვა ღონისძიებას აორგანიზებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, მას შეუძლია, დამკვეთს მომსახურება ყველაზე იაფად შესთავაზოს. ძალიან შრომისმოყვარე და საქმისთვის თავდადებული ადამიანია. ალბათ, როცა შენი საქმე არ გიყვარს, ასეთი კომპეტენტური და კარგი ვერ იქნები. ასე რომ, ყველგან და ყოველთვის მე მას რეკომენდაციას გავუწევ.
„მრავალწლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდებოდა PR-ისა და კონსალტინგის კუთხით დახმარება. 8 წლის მანძილზე, 30-ზე მეტ კომპანისთან მქონდა ურთიერთობა. თითოეული მათგანი ჩემთვის ოჯახია, დღესაც ვგულშევმატკივრობ და მინდა რომ მიაღწიონ წარმატებას მაქსიმალური შედეგით. ამ წლებმა მომცა დიდი გამოცდილება და ანალიზის უნარი, თუ რას ნიშნავს ადამიანებისთვის პიარი და რა შედეგს ელიან ამ მომსახურებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი იყოს ის, რომ მცირე ბიზნესისთვის პიარი და კონსალტინგი უცხო ხილია, რომელიც მათთვის აღიქმება ფუფუნებად. ამ დროს კი, როცა ყველაფერი შეიცვალა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული და სწორი სტრატეგიის განსაზღვრაა საჭირო, სწორედ პიარმომსახურებაა ის ინსტრუმენტი, რომლის შესაძლებლობებიცა და ღირებულებაც ყველაფერს და ყველას ერგება. მთავარი მისი ამ სფეროს სწორედ გაცნობა და გამოყენებაა.
ამ მიზნით, რომლის განხორციელებასაც ძალიან დიდი ხანი ვგეგმავდი, სრულიად მოულოდნელად და ამასთანავე დროულად, შეიქმნა ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგა“. ჩვენი გუნდის მთავარი მიმართულება არის რეკომენდაციები და კონსულტაციები, ტრენინგებისა და მასტერკლასების დახმარებით ნებისმიერი კომპანიის თანამგზავრობა და არა მათი რეკლამირება. ხშირად ადამიანები აწარმოებენ არაჩვეულებრივ პროდუქტსა თუ მომსახურებას, მაგრამ მათ უჭირთ დროის დელეგირება, სწორი კომუნიკაცია და მომხმარებლისთვის თავიანთი პროდუქტის სწორად მიწოდება.
თავიდანვე მსურდა, რომ ჩემი გუნდის წევრები კრეატიული, განსხავებული ხედვებით და თანამედროვე გემოვნების მქონე ახალგაზრდები ყოფილიყვნენ და სწორედ მათი რჩევებით განმესაზღვრა ის მომავალი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, ახალ თაობას უზარმაზარი პოტენციალი, სხვანაირი ხედვები და მიდგომები აქვთს. ეს კი მნიშვნელოვანია. ეს ასეც მოხდა – ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს!“,- ამბობს ანა და დასძენს, რომ „ქოლგა“ არასდროს გახდება მომხმარებლისთვის ყავარჯენი, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობიან. მისი თქმით, „ქოლგა“ არის ინსტრუმენტი, რომელმაც A პუნქტიდან B პუნქტამდე უნდა მიაცილოს მომხმარებელი.