წალკის კანიონზე მასშტაბური ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები სრულდება
საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს.
პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
„პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. უნიკალური დიზაინის გარდა, აღსანიშნავია საინჟინრო ნაწილი, რომლის პროექტირებაშიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები, აუზები, მუსიკალური და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა აშენდება.
წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.“ – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის.