“სტივენ ჯონსის სახელობის სტიპენდია” მაგისტრატურის სტუდენტებს და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული მკვლევარის ამბავი

 ილიაუნის ასოხირებული პროფესორი, ბექა კობახიძე, სოციალურ ქსელში საქართველოზე შეყვარებული უცხოელი მკვლევრისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ წერს, რომელიც სწორედ ამ მკვლევრის დამსახურებაა. ისტორიკოსობის მსურველებს განათლების მიღების ახალი, უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ: 

ერთი ძალიან სენტიმენტური ამბით მინდა დავიწყო:
მოგეხსენებათ, “თანამედროვე საქართველოს ისტორიის” სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი ჩემთან ერთად არის მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯისა და აწ უკვე ილიაუნის პროფესორი სტივენ ჯონსი. ალბათ წარმოგიდგენიათ ამერიკაში მისი გასამრჯელო რამდენად აღემატება ქართულს, მაგრამ როდესაც სამაგისტრო პროგრამის საქმე დავიწყეთ და ვთხოვე მასში ჩართვა, ორი წამი არ უფიქრია. აქ დაინახა თავისი მისია, რომ ქართული ისტორიოგრაფია დასავლურ რელსებზე უნდა დადგეს. სტივენმა 1970-იანი წლებიდან დაიწყო “გაქართველება” და თბილისში სიარული. ამაზე მეუბნებოდა, იმ დროს ერთი კაცი არ მყავდა საქართველოში, ვისაც პირველ რესპუბლიკაზე დაველაპარაკებოდი და ახლა თქვენი არსებობა ბედნიერებააო. ორი აზრი არაა, მისი კალიბრის უცხოელ მეცნიერს არ უკვლევია საქართველოს ისტორია. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ისტორიისა და პოლიტიკის საკითხებზე ის უტარებს თბილისში გამომგზავრების წინა ტრენინგებს ამერიკის ფაქტობრივად ყველა ელჩს.
წლების წინ იყო ასეთი ისტორიაც, რომ სტივენს უნდოდა ჰარვარდში საქართველოს კვლევითი ცენტრის გაკეთება. შეითანხმა ჰარვარდი, ჩამოიყვანა თბილისში მისი პროფესორები, დაძრა საქმე. ამ ცენტრის დაარსებას სამი მილიონი დოლარი სჭირდებოდა. იარა ქართველ ბიზნესმენებთან კარდაკარ, რა რწმენისა და ჯურის ხალხთან აღარ მივიდა (მათ შორის “იმასთანაც”), მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. არ გვყავს ქვეყანაში დავით სარაჯიშვილები.
სტივენმა ადრევე მითხრა, რომ საქართველოს მეოცე საუკუნის ისტორიაზე 4 ტომის დაწერა მინდაო. პირველი ტომი არის მისი “სოციალიზმი ქართულ ფერებში” – 1883-1917 წლების ისტორია; მეორე ტომს ახლა ასრულებს და გაისად ჰარვარდი გამოსცემს – 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია; მეოთხე ტომი 2013 წელს გამოსცა – 1991-2012 წლების ისტორია. დასაწერი მრჩება მესამე ტომი, საბჭოთა საქართველოს ისტორია, მაგრამ ამას მარტო ვერ გავაკეთებ, დახმარება მჭირდებაო. ჰოდა ადენაუერის მხრიდან დაფინანსების ვარიანტი რომ გამოჩნდა, ორჯერ არ მიფიქრია ისე შევთავაზე ეს პროექტი.
ამ კაცის გარეშე ქართული ისტორიოგრაფია, მეტადრე საერთაშორისო დონეზე, ბევრად ღარიბი იქნებოდა. არ უყვარს ასეთების თქმა, მაგრამ მე ვიტყვი: 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. იმ წელს ეყოლა ბიჭი და ილია დაარქვა.
როგორც ზემოთ ვთქვი, სტივენის ამერიკულ ჯამაგირს ვერასდროს შეედრება ის, რაც შეიძლება საქართველოში შევთავაზოთ, მაგრამ ილიაუნიმ შესთავაზა მას შესაძლებლის მაქსიმუმი. გუშინ პროგრამის კოორდინატორი სტივენს წერდა, შენი საბანკო რეკვიზიტები მითხარი ხელფასისთვისო. არ მინდა ხელფასი, მაგ ფულით სტუდენტებისთვის სტიპენდიას დავაწესებო.
ახლა გავერკვევით ტექნიკურად როგორ კეთდება ეს ამბავი და “თანამედროვე საქართველოს ისტორიის” სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გაჩნდება “სტივენ ჯონსის სახელობის სტიპენდია”.
აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნო და იმედი არ გამოვთქვა: ჩვენი მთავარი დონორია ადენაუერის გერმანული ფონდი, აგერ ბრიტანელმა სტივენმა იკისრა დონორობა. ამ დროს არ შეიძლება ქართული ბიზნესი და სახელმწიფო ინდიფერენტული დარჩეს საქართველოს ისტორიის შესწავლისადმი. ეს პირველ რიგში თქვენი ქვეყანაა. ეს არის სფერო, რომელშიც ფული უნდა დაიხარჯოს. იმედი მაქვს, უცხოელ მეგობართა მაგალითი გადამდები იქნება. იმედი მაქვს, ოდესმე ჰარვარდშიც გავხსნით საქართველოს კვლევით ცენტრს და ასეთი “უმაღლესი ლიგის” სხვა პროექტებზეც ვილაპარაკებთ.
ისევ ჩვენს პატარა პროგრამას რომ დავუბრუნდეთ: ესე იგი, სულ კურსზე გვყავს 10 სტუდენტი. აქედან რეიტინგით სამ საუკეთესოს ადენაუერის ფონდი უხდის თვეში 250 ევრო სტიპენდიას; მეოთხე სტუდენტი ჩვენი რეკომენდაციით დასაქმდა ჭავჭავაძის ცენტრი / Chavchavadze Center
-ის კვლევით პროექტში და გაუჩნდა მთელი წლის სტაბილური შემოსავალი. ბევრი მადლობა ჭავჭავაძის ცენტრს!
ამას მალე დაემატება სტივენ ჯონსის სტიპენდია კიდევ ერთი სტუდენტისთვის; ამ ყველაფერს ზემოდან დაერთვება საბჭოთა საქართველოს ისტორიის კვლევით პროექტში ამ სტუდენტების ჩართულობა (შემოსავალი+პროფესიული დახელოვნება+CV).
რომ შევაჯამოთ, ჩვენს პროგრამაზე მოხვედრილ სტუდენტს, რომელიც კარგად ისწავლის და აჩვენებს მკვლევარის უნარ-ჩვევებს, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს მაღალი დონის ცოდნა, პროფესიული კარიერა და შემოსავალი. არათუ საქართველოში, დამერწმუნეთ, ბრიტანეთშიც არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი.
მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთან მხოლოდ საუკეთესოები ხვდებიან.
მიღების პროცესი სამ ეტაპიანია:
– ერთიანი სამაგისტრო გამოცდები;
– ინგლისური ენის გამოცდა (B2 71+ ქულით);
– ორენოვანი გასაუბრება.
ამ უკანასკნელის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება ვინ იქნება მრავალთაგან ის 10 სტუდენტი, ვინც ჩვენს პროგრამაზე მოხვდება. მხოლოდ 10 სტუდენტი იმიტომ, რომ პროფესორებმა ინდივიდუალურად შეძლონ მათთან მუშაობა და კიდევ იმიტომ, რომ სტუდენტების დონე იყოს თანაბრად მაღალი.
თუმცა, პროგრამაზე მოხვედრა არაფრის გარანტიას არ იძლევა. სტიპენდიაც და დასაქმებაც პროგრამაზე სწავლისას მიღებული ქულებით უნდა გამოიმუშაოს სტუდენტმა. სწავლა არის ორ ენაზე და სასწავლო მასალა არის ბევრი. ჩვენი სტუდენტები შესაძლებლობების ზღვარზე გადიან, მაგრამ მიღებული ცოდნის ხარისხითა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებით ინაზღაურებენ ჩადებულ შრომას.
თუ ადამიანს ისტორიკოსობა გინდა, თამამად ვამბობ, ამ პროგრამის არსებობის პირობებში საზღვარგარეთ წასვლა არ გჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები