მეორე ლიცენზია საქართველოსათვის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მამაკაცთა კატეგორიაში
საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ინფორმაციით, 27 მარტს , შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ქართველი მოციგურავის ალინა ურუშაძის მიერ მოპოვებული ოლიმპიური საგზურის შემდეგ, დღეს, ” გლობალ არენაზე”, საქართველოსათვის მეორე ოლიმპიური საგზური მოიპოვა მორის ყვითელაშილმა, რომელიც ორი პროგრამის ჯამური 231, 81 ქულით 18 ქვეყნის იმ 23 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, 26 ქვეყნის 33 სპორტსმენს შორის ოლიმპიური საგზურების მფლობელები გახდნენ.
„მორისმა საკმაოდ შედეგიანად იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში , სადაც მან სამი ურთულესი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და ფაქტობრივად საბოლოოდ გადაწყვიტა ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე საგზურის მოპოვების ბედი და საკმაოდ დაძაბული ასპარეზობის პირობებში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. მამაკაცთა კატეგორიაში ევროპული ქვეყნების სალიცენზიო ნუსხაში საქართველო რუსეთის, საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ მე-4 პოზიციაზეა და ეს იმის ფონზე, როცა ისეთმა რეიტინგულმა ქვეყნებმა, როგორებიცაა გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი ვერ შეძლეს ვერცერთი ლიცენზიის აღება და დარჩენილ სალიცენზიო კვოტისთვის ბრძოლა სექტემბერში ობერზდორფში მოუწევთ.
ვულოცავთ მორის ყვითელაშვილსა და ალინა ურუშაძეს 2 ლიცენზიის მოპოვებას და ვუსურვებთ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსეულ წარდგენას.“ – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
რაც შეეხება სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებს, დამატებითი საგზურები საერთაშორისო საციგურაო კავშირის ოლიმპიური წესების თანახმად, გათამაშდება სექტემბერში, საერთაშორისო ტურნირზე გერმანიის ქალაქ ობერსდორფში, სადაც ქართველი წყვილები მარია კაზაკოვა – გიორგი რევია და ასევე, ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი იასპარეზებენ ჩვენი ქვეყნისათვის კიდევ ორი ლიცენზიის მოსაპოვებლად.