2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია დაიბადა
„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, – „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.