ლევილში ყოველწლიური ღონისძიება -“ქართულ-ფრანგული დღეები” გაიმართა
10 ოქტომბერს საფრანგეთში, ლევილის მუნიციპალურ ცენტრში, ქართულ-ფრანგული კულტურის დღეების ფარგლებში, მუსიკალური საღამო გაიმართა. ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას საფუძველი 18 წლის წინ ჩაეყარა და ის ყოველწლიურად ლევილის მერიისა და ამხანაგობა „ქართული კერას“ ორგანიზებით ტარდება.
წელს, ქართულ-ფრანგული კულტურის დღეების მთავარი თემა ტრადიციული ცეკვა და ლევილური ქართულ-ფრანგული ქრონიკები იყო, რომლის ფარგლებშიც შესრულდა როგორც ქართული, ასევე ფრანგული ტრადიციული ცეკვები. აღსანიშნავია, რომ ქართული ცეკვები წარმოდგენილ იქნა XX საუკუნის ქართული წარმოშობის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავის, ეთერ ფაღავას ქორეოგრაფიული სტუდიის ფრანგი მოცეკვავეების მიერ.
საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, თეა კატუკია და ლევილის ყოფილი მერი.
ქართულ-ფრანგული კულტურის დღეების ლევილში აღნიშვნა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ჩვენი წინაპრების მიერ დაბა ლევილში შეძენილი მამულის ისტორიას და მის ახალ სიცოცხლეს უკავშირდება.
2016 წელს 25-წლიანი მოლაპარაკებების პროცესი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე დასრულდა და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს – ქართველ ხალხს დაუბრუნდა. ლევილის ისტორიულ მამულში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიულ და კულტურულ ქართულ-ფრანგულ მემორიალურ ცენტრს, ლევილის ქართულ აკადემიას. ამით ლევილის მამულს დაეკისრა განსაკუთრებული როლი, საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებების განსავითარებლად.