Lonely Planet COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლისა და ტურისტული სეზონისათვის მზადების შესახებ წერს
„მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურისტებისთვის იხსნება“ – ამ სათაურით სტატიას მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა, Lonely Planet აქვეყნებს.
„კორონავირუსის გამო საზღვრების ჩაკეტვამდე, 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურთა მიღების პიკს მიაღწია. ქვეყანაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა… საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია. პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდეა, ოფიციალურად ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 731 შემთხვევა აქვს და მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა,”- წერს ჟურნალისტი.
„მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით მძვინვარე პანდემიისგან გამოქცევა უნდათ, უზარმაზარი შესაძლებლობა აქვთ, რომ საქართველოს იზოლირებულ მთებში შვებით ამოისუნთქონ”. Lonely Planet- მკითხველს კონკრეტულ რჩევებსაც აძლევს, თუ სად უნდა იმოგზაუროს საქართველოში.
„საქართველოს მთები ზაფხულში ლაშქრობისთვის პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა, სვანეთსა და თუშეთში ტურისტული ჰაბები გაფართოვდა, იმის გამო, რომ წლის უდიდესი ნაწილი ეს მაღალმთიანი კუთხეები მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამყაროს მოწყვეტილია შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იდეალური ადგილებია იზოლირებული დასვენებისთვის. საქართველოში ტურიზმის გახსნასთან ერთად სოფლის მოსახლეობა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ ისინი დაცული იქნებიან COVID-19-ის ხელახალი აფეთქებისგან.“ -წერს რიჩარდ ქოლეთი.
Lonely Planet-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში პოპულარული ტურისტული ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონს აჭარბებს. Lonely Planet 40 წელზე მეტია მოგზაურებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა.
წყარო: Kvira.ge