“თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი”-დღე კოლაუ ნადირაძის დაბადების დღეა

კოლაუ ნადირაძემ „1921 წლის 25 თებერვალი” რომ დაწერა 25 წლის იყო…

“თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.”

ამ ლექსმა დღის სინათლე 1985 წელს იხილა. კოლაუ უკვე 90 წლის იყო.

ლექსი ყველამ წაიკითხა… ბევრი აღშფოთდა… ქუჩა შეხვედრია ნაცნობი და უკითხავს -“არ გეშინია?”

“არა, რა უნდა მიქნან” —აუღელვებლად უპასუხებია.

კოლაუ ნადირაძემ კიდევ 5 წელი იცხოვრა და დამოუკიდებელ საქართველოსაც მოესწრო.

კოლაუ ნადირაძე 1895 წლის 8 მარტს, ქალაქ ქუთაისში დაიბადა.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

პირველი ლექსი 1916 წელს ჟურნალ “ცისფერ ყანწებში” დაბეჭდა. იყო “ცისფერყანწელების” სიმბოლისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პირველი წიგნი გამოსცა 1920წ. ავტორია პოემებისა: “თვრამეტი წელი”, “ფრონტებზე”, “როალდ ამუნდსენ”, “რიონი-პორტი”, მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები. მისი ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია “წიწამურიდან საგურამომდე”, რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია.

იგი გარდაიცვალა 1990 წ., დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები