1953 წლის 5 თებერვალს ეროვნული გმირი ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა

1953 წლის 5 თებერვალს ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ – ერთი ლიდერი, ეროვნული გმირი ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა.

ზურაბი განათლებით ქიმიკოსი იყო, მაგრამ ნაშრომები ჰქონდა ფილოლოგიაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 1970-იანი წლებიდან კათალიკოს-პატრიარქის რეფერენტად მუშაობდა და სწორედ მისი ინიციატივით მოხერხდა რომის პაპის, იოანე – პავლე მეორისა და  ილია მეორეს შეხვედრა 1979 წელს. იგი დაინტერესებული იყო ქართული სასულიერო ლიტერატურით. ამავდროულად ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში.

1987 წელს მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძესთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ – ერთი პირველი ეროვნულ – პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს. 1988 წელს ჭავჭავაძე ამ საზოგადოების მმართველობის წევრი, ხოლო გიორგი ჭანტურიას მომხრეთა („მეოთხე დასი“) განცალკევების შემდეგ ფაქტობრივი ლიდერი გახდა.

1989 წლის 13 ოქტომბერს, სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი), საეჭვო ვითარებაში ავტოკატასტროფა მოხდა. ადგილზე დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, ჭავჭავაძე კი მძიმე ტრავმებით  საავადმყოფოში გადაიყვანეს და იგი 69-ე დღეს, ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“, გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების წუთიდანვე გაჩნდა ვერსიები მისი მოკვლის თაობაზე….

2018 წლის 16 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

იგი დაკრძალულია ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები