დღეს წმიდა მრავალვნებული ანტონ II-ს და მაკარი მმარხველის ხსენების დღეა

უწმიდესი და უნეტარესი ანტონ მეორე გახლდათ ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქი, როდესაც რუსეთის იმპერიამ 1811 წელს, სრულიად ანტიკანონიკურად გააუქმა საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია, რომლის აღდგენა, ღმრთის მადლით, 1917 წელს გახდა შესაძლებელი.

თეიმურაზ ბაგრატიონი დაიბადა 1762 წლის ძვ.სტ. 8 იანვარს. იგი გახლდათ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის მეოთხე ვაჟიშვილი, მეორე ქორწინებიდან. თეიმურაზი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად. დიაკვნისა და მღვდლის ხარისხებში ხელდასხმის შემდეგ, 1784 წელს, 22 წლის ასაკში, იგი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და ეწოდა ნინოწმინდელი. ამავე წელს, ეპისკოპოსი ანტონი დადგინდა ალავერდელ მიტროპოლიტად. 1788 წლის ძვ.სტ. 29 ოქტომბერს, მიტროპოლიტი ანტონი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთის მთავარეპისკოპოსად აღსაყდრდა. 1795 წლიდან, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი სულიერ მეურვეობას უწევდა, ასევე დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს. 1801 წლის ძვ.სტ. 10 მარტს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა, კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ მეორეს უბოძა სერაფიმებით მორთული თეთრი კუნკულ-ბარტყული, ზედ ბრილიანტის ჯვრით, ხოლო 1801 წლის ძვ.სტ. 15 სექტემბერს, ამავე იმპერატორმა, იგი დააჯილდოვა წმიდა ალექსანდრე ნეველის ორდენით. 1811 წელს, რუსეთის იმპერიამ გაუქმებულად გამოაცხადა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. უწმიდესი და უნეტარესი ანტონ მეორე, ერთი წლით ადრე, 1810 წელს ძალადობრივი გზით პეტერ-ბურგში გადაასახლეს, სადაც იმპერატორმა მას მწვანე ხავერდის მანტია უბოძა, და დააჯილდოვა წმიდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით. იგი რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრი ხდება, თუმცა, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი ვერ ეგუებოდა რა საქართველოდან გაწვევას, ის არ ესწრებოდა რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომებს. ამავე წელს, იგი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც 1812 წელს ტამბოვში გადასახლდა. 1819 წელს, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონი კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა, ბოლოს კი დასახლდა ნიჟნი-ნოვგოროდის სოფ. ლისკოვოში.

უწმიდესი და უნეტარესი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე აღესრულა გადასახლებაში, 1827 წლის ძვ.სტ. 21 დეკემბერს, დილის 10:00 სთ-ზე. იგი დაკრძალეს სკორბიაშენსკის ტაძარში, სადაც 14 წლის განმავლობაში განისვენებდა, ხოლო 1841 წლის ძვ.სტ. 9 სექტემბერს, მისი ნეშტი გადაასვენეს მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში.

სამწუხაროდ, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე მეტად ტრაგიკული პიროვნება და მამამთავარი გახლავთ ჩვენი სამშობლოსა და დედაეკლესიის მრავალსაუკუნოვან მატეანეში… იგი ვერ ეღირსა სამშობლოში, თავის სამწყსოში დაბრუნებას… მან ვერც მშობლიურ ქართულ მიწაში ჰპოვა საუკუნო ძვალთშესალაგი…

2011 წლის 11 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე წმიდათა დასში შეირაცხა, ეწოდა მრავალვნებული და მისი ხსენების დღედ ახ.სტ. 3 იანვარი (ძვ.სტ. 21 დეკემბერი) დადგინდა.

• • • • •

წმიდა მაკარი მმარხველი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი იმ წმიდა მამათაგანია, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი სახელი უკვე ათი საუკუნეა იხსენიება საქართველოს ეკლესიის კალენდარში მრავლისმთქმელია, მრვალისმეტყველია მისი წოდებაც – მმარხველი.

ხახულის მონასტერი X საუკუნის მეორე ნახევარში აუგია საქართველოს მეფე დავით კურაპალატს. წმიდა მაკარისა და მისი მსგავსი მამების მოღვაწეობამ მონასტერი სიწმიდის, მეცნიერებისა და განათლების კერად აქცია. მონასტერი დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ იქ მოღვაწე ქართველ მამათა მადლი ახლაც სასოებად ეფინება საქართველოს.

ხახულის მონასტრის წინამძღვარი წმიდა მაკარი უდიდესი ასკეტი და ცნობილი მოძღვარი იყო. მასთან მოდიოდნენ რჩევა-დარიგებისა და კურთხევისათვის როგორც მონაზვნობის მსურველნი და გამოცდილი ბერები, ასევე ერისკაცები. ღირს მაკარის მიჰგვარეს კურთხევისათვის ყრმა გიორგი – შემდგომში უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც წინასწარცნობის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა მაკარიმ თავისი სულიერი შვილი უწოდა.

ღირსი მაკარი, ღვთის შეწევნით, ერთმანეთს კარგად უთავსებდა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასა და განდეგილობას. განსაკუთრებული მარხვისა და ლოცვისათვის მას მმარხველი უწოდეს. მისი წინამძღვრობის დროს ხახულის მონასტერი „ვითარცა მთიები“ ბრწყინავდა და ორიენტირს აძლევდა სასულიერო და საერო მოღვაწეობის მსურველთ.

ღირსი მაკარი 1034 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.

 

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2001 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები