ეპიზოდები გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებიდან

გერასიმე ქიქოძემ 26 წლის ასაკში ფიზიკა-მათემატიკის პროფესორის წოდება მიიღო, 29 წლის კი მღვდლად აკურთხეს. ოჯახური ცხოვრების უბედნიერესმა ექვსმა წელმა მალე გაიარა…მეშვიდე წელს კი საშინელი უბედურება დაატყდა თავს. ერთი წლის განმავლობაში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. მისი თანამედროვის, მღვდელ-მონაზონ  დიდიმის (მიქიაშვილი) გადმოცემით: “ამ უბედურობამ გაბრიელზე დიდი გავლენა იქონია. ასე რომ, სულ ცოტა დააკლდა, რომ კინაღამ ჭკუაზე შეცდა. დარჩა ყოველივე ბედნიერებით და სიხარულით მოკლებული და მოინდომა მღვდლობის განტევება…” ეს აზრი, ხშირი საუბრებით და დაყვავებით, ეგზარქოსმა ისიდორემ უკუაგდებინა და 1856 წელს მღვდელი გერასიმე ბერად აღიკვეცა…

1869-1885 წლებში გაბრიელ ეპისკოპოსი მართავდა როგორც იმერეთის, ისე აფხაზეთის ეპარქიას. ის ხშირად ჩადიოდა აფხაზეთში, აშენებდა და აკურთხებდა ეკლესიებს, ნათლავდა ადამიანებს. მისი ჩანაწერების მიხედვით, 1868-1869 წლებში, აფხაზეთში 10000 ურჯულო მონათლულა ქრისტიანად. ბიჭვინთის ოლქში 7 ტაძარი აუგია გაბრიელის მიერ დაქირავებულ 40 რაჭველ დურგალს… იყო წინააღმდეგობაც, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ყოველთვის ყველაფერი კეთილად მთავრდებოდა. მისი სიტყვები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. მათ ის გულს უხსნიდა და მრევლიც სათუთად იღებდა და იმახსოვრებდა მის ქადაგებებს.

გაბრიელი ბევრს მოგზაურობდა თავის ეპარქიაში, ყველა გაჭირვებულის ამბავი იცოდა და რითაც შეეძლო, ეხმარებოდა. ხსნიდა და აახლებდა ტაძრებს, თუმცა საპასუხოდ, ბევრ გულისტკენასაც იღებდა. გაბედეს და 1875 წელს გაბრიელ ეპისკოპოსს ქუთაისის ტაძრების სიძველეთა მოპარვა დააბრალეს. მან მოზღვავებულ ცილისწამებას დიდსულოვნება და მოთმინება დაახვედრა და დამბრალებლებს სინდისის ქენჯნა გაუღვიძა.

გულისტკივილი გულისტკივილს ემატებოდა. 1885 წელს ვერაგულად მოკლეს გაბრიელის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). ამ ფაქტმა ისე აღაშფოთა გაბრიელ ეპისკოპოსი, რომ ეპარქიის დატოვება და რუსეთში გადასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას ჩირქი არ მოსცხებოდა, იმერეთში დარჩა…

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები