20 დეკემბერი ეროვნული გვარდიის დღეა

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.

ეროვნული გვარდია პირველი ქართული სამხედრო ფორმირებაა, რომლის ბაზაზეც საქართველოს დღევანდელი თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია, ფაქტობრივად, ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდნენ.

2003 წლიდან აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ პოიტრისისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის რეკომენდაციით ეროვნული გვარდიის რეორგანიზაცია დაიწყო, რის შედეგადაც, მუდმივი საბრძოლო ქვედანაყოფები გაუქმდა, მძიმე შეიარაღება და ტექნიკა რეგულარული ჯარების ნაწილებს გადაეცა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფების წვრთნები დაიწყო.

დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, თავდაცვის ძალებისთვის მოქალაქეთა რეკრუტირება, საომარი და საგანგებო სიტუაციების/მდგომარეობის დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს.

ეროვნული გვარდია საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიასა და ღონისძიებას ატარებს.

2015 წლიდან საქართველოს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) აქტიურად მონაწილეობს, რომლის ფარგლებში, 37 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოებულია მედლით „სიცოცხლის გადარჩენისთვის“.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული წარმატებულად მონაწილეობს, ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA).

საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფო შიდა გვარდიებთან, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან.

წყარო:საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები