დღეს ქართული ეკლესია წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალის, წმიდა პეტრე I კათოლიკოსის და წმიდა სამუელ I კათოლიკოსის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი თხუთმეტი წლისა იყო, როცა საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა. ამ დროს ქართლი, ერთი მხრივ, სპარსეთის აგრესიას განიცდიდა, მეორე მხრივ კი ოსთა შემოსევებისაგან იყო გამწარებული. ოსებმა ერთ-ერთი შემოსევის დროს ტყვედ ჩაიგდეს ვახტანგის მცირეწლოვანი და, მირანდუხტი. არც დასავლეთ საქართველოს ადგა უკეთესი დღე – ბერძნებმა ეგრისიდან ციხეგოჯამდე დაიპყრეს აფხაზეთი.

ვახტანგმა სამეფო ტახტზე ასვლისთანავე შეკრიბა ქვეშევრდომები და თხუთმეტი წლის გვირგვინოსანმა, “ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა”, ბრძანა, რომ ქვეყანაზე მოწეული განსაცდელი ღვთის წყრომა იყო მეფისა და ერის ცოდვებისათვის. მეფე ვახტანგმა “სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოთა და წარმძღვანებითა ჯუარისა მის პატიოსნითა” დაამარცხა ოსთა ჯარი, გაათავისუფლა ტყვეები და ბერძენთაგან დაპყრობილი აფხაზეთის გათავისუფლებაც განიზრახა.

სამი წლის ბრძოლის შემდეგ ვახტანგმა აფხაზეთის ყველა ციხე-სიმაგრიდან განდევნა ბერძნები. გასაოცარი იყო ვახტანგ მეფის სარწმუნოება,სიბრძნე და ფიზიკური სიძლიერე: “უმაღლესს კაცთა მის ჟამისათა” (იგი სიმაღლით თორმეტი ბრჭალი – 2მ. და 40 სმ. იყო) და “უმშვენიერესს სახითა” შეეძლო დაუღალავად ჩეხა მტერთა ურიცხვი ლაშქრისა და “მრავლითა ლოცვითა და ღამისთევითა და გლახაკთა მიცემითა” მშვიდი ღვთისმსახურება. შეეძლო მხრებზე შეჭურვილცხენშესმულს მცხეთიდან არმაზციხემდე შეუსვენებლად ასვლა, “არა დათმენა კიცხევათა” და პირადი შეურაცხყოფის მოთმენით ატანა. შეეძლო გაქცეული ირმის ხელით შეპყრობაცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ უდიდესი სიდინჯის გამოჩენაც. ვახტანგის საომარ მუზარადზე წინ მგელი იყო გამოსახული, უკან კი – ლომი. სპარსელებთან ომის დროს მუზარადზე მგელ-ლომ გამოსახული მეფის გამოჩენა შიშის ზარს სცემდა ყველას, სპარსელები ხმამაღლა გასძახოდნენ ერთმანეთს: “დურ აზ გორგასარ” (მოერიდეთ მგლისთავს). ასე ეწოდა ვახტანგს ზედსახელი “გორგასალი”.

ვახტანგ მეფის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საფუძვლის ჩაყრა, მან განდევნა საქართველოდან ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმები. ვახტანგ მეფემ კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა განსასჯელად მიქაელ ეპისკოპოსი, რომელმაც, განრისხებულმა, ფეხით კბილები ჩაუმტვრია მასთან კურთხევისათვის მისულ მეფეს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პატივი აჰყარა მრისხანე მღვდელთმთავარს და მონასტერში გაამწესა გონზე მოსასვლელად და მოსანანიებლად. შემდგომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და იმპერატორმა ანტიოქიის პატრიარქთან გაგზავნეს ვახტანგ მეფის მიერ გაგზავნილი წმიდა პეტრე (ხს. 30 ნოემბერს), სამოელი (ხს. 30 ნოემბერს) და სხვა სამღვდელონი კურთხევის მისაღებად, ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა თორმეტი ეპისკოპოსი, ხოლო წმიდა პეტრე კათოლიკოსად დაადგინა.

ვახტანგმა აღასრულა წმიდა მირიან მეფის სურვილი და იერუსალიმში ააშენა ქართველთა ჯვრის მონასტერი.

ვახტანგ მეფემ მცხეთაში წმიდა ნინოს დროინდელი ხის ეკლესიის ნაცვლად ქვის ტაძარი ააგო, მის დროს დაარსდა საეპისკოპოსო კათედრები: ახიზა – კლარჯეთში, არტაანი – ერუშეთში, წუნდა – ჯავახეთში, მანგლისი, ბოლნისი, რუსთავი, ნინოწმიდა, ჭერემი, ჩელეთი, ხორნაბუჯი, აგარაკი. მეფემ ნიქოზის ეკლესია ააშენა და იქაც დასვა ეპისკოპოსი. აქ გადაასვენა წმიდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები და ყოველნაირად ეხმარებოდა ახალშექმნილ კათედრას.

ვახტანგ მეფის დროს აშენდა თუხარისის, არტანუჯის და ახიზის ციხეები, დაარსდა არტანუჯის, მერეს, შინდობის, ახიზის მონასტრები. აშენდა და დაარსდა სხვა უამრავი ციხე-კოშკი და ეკლესია-მონასტერი. ვახტანგმა ააგო თავის ახალ სამეფო სამყოფელად უჯარმა.

წმიდა მეფემ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს დღევანდელ დედაქალაქ თბილისს. მისი პოლიტიკური ორიენტაცია იყო მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა და ერთიანობა.

სამოც წელს მიტანებულ მეფე ვახტანგს 502 წელს ამქვეყნად უკანასკნელად მოუხდა თავისი ქვეყნის დაცვა. სპარსელებთან ბრძოლაში ის სასიკვდილოდ დაიჭრა იღლიის ქვეშ. ისარს ფილტვებამდე მიეღწია და მეფე იძულებული შეიქმნა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა. სიკვდილის წინ წმიდა ვახტანგ გორგასალმა თავისთან იხმო კათალიკოსი, მეუღლე, შვილები, ყველა წარჩინებული და უთხრა: “მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ”.

მთელი საქართველო გლოვობდა ქრისტესთვის აღსრულებულ მეფეს, უჯარმიდან მცხეთაში გადაასვენეს ქრისტესგან გვირგვინოსანი, მის მიერ აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს დიდი პატივით და გულზე თავისი ზომის ლოდი დაადეს. ამის შემდეგ არასოდეს შეუწყვეტია საქართველოს ლოცვითი კავშირი წმიდა მეფესთან და ყოველთვის გრძნობს მის მეოხებას.

წმიდა სამუელ I კათოლიკოსი (V-VI)

წმიდა სამუელ კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ VI ს დასაწყისში. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელი საქართველში ჩამოვიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამუელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო „ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი“ წმიდა პეტრე კი მცხეთასვე განაწესეს ეპისკოპოსად.

წმიდა პეტრე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათალიკოსის ტახტზე „დაჯდა სამუელ და მეფემან (დაჩიმ) მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს“ წმიდა სამუელ კათოლიკოსი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის ბაკურის დროს. წმიდა სამოელ კათოლიკოსის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.

წმიდა სამუელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი კათოლიკოსის და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა წმიდა მოწამე შუშანიკს (ხს. 28 აგვისტო).

წმიდა სამუელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებასა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეს.

წმიდა პეტრე I კათოლიკოსი, წმიდა დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე (V)

წმიდა პეტრე იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. იგი V ს-ის 60-იანი წლებიდან VI ს დასაწყისამდე განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.

ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში „წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა“ და თან შეუთვალა, რომ „კათოლიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ“. კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).

წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმიდა კათოლიკოსისა და წმიდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას.

წმიდა პეტრე, წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმიდა პეტრემ მიიღო წმიდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები