შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენის ნატურმორტი დაუბრუნდა

დღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი გადასცა.

„1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის „მაჭანკალთან“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერთან“ ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს. მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი – ლუკას კრანახის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერი“ – მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლად შექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტიკურობა დარღვეული არ არის“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოცემული სურათი მუზეუმისთვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები