ლევან ტიელიძე მეექვსე ქართველი იქნება, ვინც ანტარქტიდაზე ფეხს დადგამს

თითქმის ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალ ზელანდიაში მოღვაწე მეცნიერი და გლაციოლოგი(მყინვარების სპეციალისტი), გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, 2019 წლიდან უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის, ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე 2023-2024 წლების ავსტრალიის ანტარქტიკულ პროგრამაში მონაწილეობს. ექსპედიცია, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთ უდიდეს დენმენის მყინვარს კომპლექსურად შეისწავლიან, დაახლოებით ორთვე-ნახევარი გაგრძელდება.

„თითქმის ხუთწლიანი ლოდინის და ბევრი თავგადასავლების შემდეგ მონაწილეობას ვიღებ 2023-2024 წლების ავსტრალიის ანტარქტიკულ პროგრამაში. უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე ამჟამად ავსტრალიის მფლობელობაშია სამი მუდმივმოქმედი სადგური – ქეისი, დევისი და მოუსონი (ასევე რამდენიმე სეზონური სადგურიც)…

ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც ფარავს არა მხოლოდ ანტარქტიდის კონტინენტს, არამედ სამხრეთის ოკეანესაც და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს თანამედროვე და წარსული გარემოს, ბიომრავალფეროვნების, და კლიმატის ცვლილების შედეგების გაგებაში.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ანტარქტიკის კვლევა 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, ხოლო უკვე 1954 წელს ავსტრალიის ეროვნულმა ანტარქტიდის კვლევითმა ექსპედიციამ უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე დააარსა მოუსონის ბაზა. მას შემდეგ ავსტრალია ინარჩუნებს უწყვეტ სამეცნიერო კვლევებს ანტარქტიდაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით ანტარქტიდის კონტინენტის 42% ავსტრალიის მფლობელობაშია.

უშუალოდ ჩვენი ექსპედიციის შესახებ უფრო ვრცლად კიდევ მოგვიანებით დავწერ“, – წერს ლევან ტიელიძე.

ლევან ტიელიძე მეექვსე ქართველი იქნება, ვინც ანტარქტიდაზე ფეხს დადგამს.

ის პირველი ქართველია, ვინც ამ ცენტრში მოხვდა. მან საკმაოდ რთული კონკურსები გაიარა და სრული დაფინანსება მოიპოვა.

პირველი დისერტაციის დაცვის შემდეგ, საქართველოში არაერთ სამეცნიერო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერადაც დასახელდა. ასევე 2014-2015 წლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, 2015-2017 წლებში კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო 2018 წელს შვეიცარიაში, ციურიხის უნვერსიტეტში.

პროფესიული განვითარებას განაგრძობს და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. მისი ნაშრომები დღეს მსოფლიოს წამყვან გამოცემებში იბეჭდება. მაგალითად, ისეთ რეიტინგულ ჟურნალში  როგორიც The Cryosphere-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები