მაია გიორგაძე: „მალე ჩემი ხელოვნებისა და ინგლისურის სინთეზით საოცარ სიახლეს გაგაცნობთ“

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებიან და პროფესიულ სრულყოფაზე მუდმივად ზრუნავენ. ამას გარდა საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს შემოქმედებითი მიმართულებითაც ავლენენ.

ინგლისური ენის სპეციალისტი, პედაგოგი მაია გიორგაძე არც ისე დიდი ხნის წინ, ქართულ საზოგადოებას დიზაინერისა და მხატვრის ამპლუაშიც მოევლინა. ამ მასალაში შევეცდებით მისი საქმიანობისა და შემოქმედების საინტერესო მომენტები გაგაცნოთ.

– ქალბატონო მაია, თქვენი აზრით, სამომავლოდ თუ შეემატება დღეს არსებულ სტატუსებს რაიმე ახალი?

– დარწმუნებული ვარ, არ დავფიქრდები და ვიტყვი, რომ აუცილებლად შეემატება და არაერთი. ჩემი ხასიათის თვისებაა, რომ მუდამ სიახლეების ძიებაში და ზედმეტად ცნობისმოყვარეც ვარ. მაინტერესებს ყველაფერი. ვერ ვიტან უსაქმოდ ყოფნას. უფრო მეტსაც გეტყვით, ის რაც იქნება, ზუსტად ვიცი, რომ იქნება პროფესიულ დონეზე. მაქსიმალისტი ვარ, მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.  ყველაფერი ხარისხიანად და გულით გაკეთებული მიყვარს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებლად გაიზრდება ჩემი სტატუსების სია. მაქვს გეგმებიც, ჯერ საიდუმლოდ დავტოვოთ…

– ამ ეტაპზე რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი?

– ამაზე ხშირად მიფიქრია… ინგლისური ჩემი დიდი სამყარო იყო და არის. ძირითად პროფესიას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში – ინგლისური ჩემთვის ყველაფერია – შემოსავლის წყარო, განტვირთვა, საქმე, სწავლა – სწავლება, სამეცნიერო საქმიანობა (სტატიები, წიგნები)… თუმცა, ახლა როცა ჩემთვის სხვა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი სამყარო გადაიშალა ამან შემავსო.

თითქოს უცნაურია, ხელოვნება და სწავლება… თუმცა, არის მათ შორის დიდი კავშირი. სწავლებაც ხელოვნებაა… ასწავლო ისე, რომ ეს ხელოვნების დონეზე აიყვანო დიდი წარმატების საწინდარია (ამ უკანასკნელს არ ვუჩივი, უფრო მეტისკენ ვისწრაფი და მაქვს ამბიციური მიზნები და  გეგმები).

– რომელია თქვენი ყველაზე უჩვეულო ლექცია?

– ყველა ლექცია განსაკუთრებულია ჩემთვის. წლის განმავლობაში უამრავ სტუდენტს ვხვდები სხვადასხვა შეხედულებებითა და პიროვნულობით, მათი ინტერესები განსხვავებულია. გარკვეულწილად ფსიქოლოგიც უნდა იყო, სხვადასხვაგვარი მიდგომაა საჭირო იმისთვის, რომ დადებით შედეგზე გახვიდე და სულ ცოტა, კარგი ურთიერთობა დაამყარო ყველასთან. დასამახსოვრებელი გახდე მათთვის. კონკრეტული, უჩვეულო ლექცია არ მახსენდება, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ჩემს ყოფილ სტუდენტებს (ახლა უკვე მეგობრებს), რომლებმაც თითქმის უკვე ათი ან მეტი წლის უკან დაამთავრეს სწავლა ისევ ვახსოვარ და იხსენებენ სხვადასხვა შემთხვევას ლექციიდან.

– დღეს ალბათ ზოგი მათგანი თქვენი კოლეგაც გახდა…

– დიახ, ბევრი მათგანი ახლა ძალიან წარმატებულია, თავადაც კითხულობენ ლექციებს და უკეთ ხვდებიან ალბათ პედაგოგის როლსა და პასუხისმგებლობას. იხსენებენ სწავლების მეთოდებს თამაშით, როგორ მოეხსნათ საუბრის ე.წ. კომპლექსი, რატომ აღარ ეშინიათ შეცდომების დაშვების. შეცდომები ხომ ჩვენი ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილია. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ღირებულება ადამიანობაა, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსებსა და რეგალიებს, მთავარია დარჩე ყოველთვის ადამიანად.

– რომელია ნამუშევარი, რომელიც განსხვავებულ გარემოში შექმენით ან რომლის გაკეთების სურვილიც უჩვეულო მიზეზი გახდა?

– რაც ეხება უჩვეულო ნამუშევრის შექმნას, ალბათ პირველი ნახატია. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მიყვარს. მაშინ როდესაც, ფუნჯისა და საღებავების ელემენტარულ დონეზე გამოყენებაც კი არ ვიცოდი გვირილების მინდორი დავხატე. ეს იყო ერთ-ერთი გამოფენიდან გამოყოლილი ინსპირაცია, როცა ნახატებს ვათვალიერებდი და ვიფიქრე, რომ ამას მეც შევძლებდი. სიღრმე და სივრცე შევქმენი უნებურად, გაუცნობიერებლად, რამაც მოწონება დაიმსახურა, მივიღე რჩევები, შენიშვნები და შემდეგ კი უკვე შევუდექი პროფესიონალურ დონეზე დაუფლებას. მოტივაცია ამიმაღლეს მეგობრებმა, ნაცნობებმა თუ უცნობებმა. სასწავლი ბევრია და მაღალ პროფესიონალიზმამდე მისასვლელი გზაც გრძელი… მთავარია არ მეზარება და მთელი გულით მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.

– რა შეგრძნება გქონდათ, როდესაც თქვენი ნახატები ერთ სივრცეში გამოიფინა?

– პირველი გამოფენა, რომელიც ჯგუფური იყო სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მასში ჩემი ხელნაკეთი დეკორაციებითა და აქსესუარებით მივიღე მონაწილეობა. საოცარი შეგრძნება მქონდა, ემოციებით სავსე ვიყავი, არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი და მას შემდეგ ფართოვდება ჩემი „არტმეგობრების” სანაცნობო წრე. უჩვეულოა და სიამაყით მავსებს, როდესაც არ სჯერათ რომ სხვადასხვა მიმართულებით შექმნილი ნაკეთობების ავტორი მე ვარ. უფრო მეტად უკვირთ, როდესაც იგებენ რომ ეს ჩემი პირდაპირი პროფესია არ არის. მოკლედ ჩემი მრავალფეროვანი სამყარო ხელოვნებამ კიდევ უფრო გამიფერადა.

– იტალიაში, “ერასმუსის” პროგრამით, სალერნოს უნივერსიტეტში დოქტორანტურის კვლევაზე რომ იმყოფებოდით, რომელია ემოციური ამბავი, რომელიც იტალიური ვოიაჟიდან დაგამახსოვრდათ?

– იტალია ჩემს საყვარელ ქვეყნად გადაიქცა იქ გატარებული ექვსი თვის შემდეგ. გავიცანი ქართველები, რომლებთანაც დღესაც ვმეგობრობ. შემიძლია ვთქვა, რომ იტალიაში უფრო მეტ ლაშქრობაზე ვიყავი ვიდრე საქართველოში ვარ ნამყოფი. ვცდილობდი ყველა მომენტი ნაყოფიერად გამომეყენებინა. ერთხელ, იტალიელი მეგობრები დავპატიჟე სახლში ქართული ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად (თუ მოვინდომე გადასარევი კულინარიც ვარ). საუბრისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი იტალიელი (ისიც ინგლისურის პედაგოგი) შემთხვევით გადააწყდა youtube-ზე ქართულ ხალხურ სიმღერას, მოეწონა ტკბილხმოვანება და მას შემდეგ გადაწყვიტა დეტალური ინფორმაციის მოძიება საქართველოსა და ქართველებზე, ფოლკლორზე. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და სიამაყით ამავსო.

– „ისიამოვნე სწავლებით, ისიამოვნე სწავლით”- საქართველოში რამდენად ამართლებს ეს პრინციპი?

– დავიწყოთ იმით, რომ მიდგომა  „ისიამოვნე სწავლით’’ პედაგოგს უკვე ანიჭებს სიამოვნებას. ამიტომ, როდესაც სიამოვნებით და სიყვარულით აკეთებ საქმეს ამას სტუდენტებიც გრძნობენ. პოზიტიური განწყობა გადამდებია. სწავლება არ არის მხოლოდ მოვალეობის მოხდა, რომ ჩაატარო გაკვეთილი, გაიყვანო დრო და იქ დამთავრდეს. დღეს უამრავი რესურსია, რომ  სწავლება – სწავლის პროცესი ორმხრივად სასიამოვნო გახდეს. აქაც, მთავარი მონდომება და საქმის სიყვარულია. ბედნიერებაა როცა ამდენ ადამიანს ვუყვარვარ და მაქვს უნარი საყვარელი საქმე ვაკეთო. ბოლოს ერთ პატარა საიდუმლოს გავამხელ. მალე, ჩემი ხელოვნებისა და ინგლისურის სინთეზით საოცარ სიახლეს გაგაცნობთ. ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ საქართველოში ჯერ არ გვაქვს და ეს სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.

მაკა ალექსიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები