თამუნა მუსერიძე “ბიბისიმ” 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში შეიყვანა

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე “ბიბისიმ” 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში შეიყვანა.

BBC წერს, რომ მუსერიძის ცხოვრება 31 წლის ასაკში შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია. მან საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძებნის დროს გამოიკვლია, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის მსხვილი შავი ბაზარი არსებობდა, რის შედეგადაც ათასობით ჩვილის მშობლების მოტყუებითა და არალეგალური გზებით გაშვილება მოხდა. თამუნამ ადამიანების დასახმარებლად Facebook-ზე შექმნა ჯგუფი “ვეძებ”, რომელშიც 230 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

“მუსერიძეს ორგანიზაცია ასობით ოჯახს დაეხმარა გაერთიანებაში, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს”. – წერს BBC.

BBC-ის მიერ გავლენიანი ქალების სიაში შეყვანას მუსერიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ღმერთო არ მჯერა ახლა ამას რომ ვწერ !

უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გასცდა.

წელს პირველად ბიბისი საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა!!!

წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!

წელს, მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!

ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვალაგებ ტექსტს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა!

სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა!

არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!“, – წერს თამუნა მუსერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები