ადგილწარმოშობის დასახელება „კოტეხი“ – ადგილი სადაც გამორჩეული ვაზის ორი ჯიში – რქაწითელი და საფერავი მოდის

კოტეხი გურჯაანის მევენახეობის ერთი კონკრეტული სპეციფიკური ზონაა. მიუხედავად იმისა, რომ გურჯაანის ღვინის მიკროზონის ნაწილიც არის ეს სოფელი, მას თავისი ინდივიდუალური ღირსებებიც გააჩნია, ამიტომ კოტეხის მიკროკლიმატში მოწეული ორი ჯიში: რქაწითელი და საფერავი, თავისი გამორჩეული თვისებებით არის დაჯილდოებული. შესაბამისად, „კოტეხი“ ადგილწარმოშობის დასახელების სახით არის რეგისტრირებული.

კოტეხის მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ატმოსფერული პროცესების ურთიერთზეგავლენა. შედეგად იქმნება სუბტროპიკული ზოლი, ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. კოტეხის ნიადაგიც გამორჩეულია – მუქი ყავისფერი შეფერილობის, ალუვიურ-დელუვიური და ალუვიურ-პროლუვიური შენაერთებით. ამიტომ, ამინდის, ჰავის და ნიადაგის გათვალისწინებით, კოტეხის ვენახში მოყვანილი ყურძენი ინდივიდუალურ გემოვნურ თვისებებს იძენს.

ორი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი – რქაწითელი და საფერავი იძლევა ორი სახეობის თეთრ და წითელ ღვინოს.

„კოტეხი“ თეთრი არის ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო. ის მზადდება მხოლოდ რქაწითლის ჯიშის ყურძნის ტკბილის სრული დადუღებით. აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა, ჯიშური არომატი და სასიამოვნო გემო. ღვინის მოცულობითი სპირტშემცველობა არის 10,5-12,0%, შაქრების მასური კონცენტრაცია კი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 4 გ/დმ3-ს.

„კოტეხი“ წითელი არის, ასევე, უმაღლესი ხარისხის კონტროლირებადი ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო. ის მზადდება მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით. ამ ღვინოს გამოარჩევს ჯიშური არომატი, ნაზი ხავერდოვანი გემო და მკვეთრად წითელი ფერი. მისი მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს 10,5-12,0%, ხოლო შაქრების მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/დმ3-ს.

ღვინო „კოტეხის“ დასამზადებლად გამოყენებული ვაზის ჯიშები არის აბორიგენული ჯიშების გაგრძელება, რომელშიც დღემდე ცოცხლობს უძველესი უნიკალური თვისებები, რაც განსაზღვრავს „კოტეხის“ ღვინოების განსაკუთრებულ თვისებებს.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „კოტეხი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

წყარო: საქპატენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები