არტემ ახნაზაროვის მოგონება – რატომ შეცვალა რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნულმა ცენზორმა ვაჟას ლექსის დასაწყისი

„ივერიის“ ერთ-ერთი პირველი და ერთგული თანამშრომელი, მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, არტემ ახნაზაროვი იხსენებდა: „1886 წლის დამლევს გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველას ლექსი, „სიმღერად“ წოდებული:

„ერთხელც იქნება, მოვკვდები,
მივებარები მიწასა,
გულსა და გრძნობას შავურევ
ცივის სამარის ქვიშასა…“

24 მაისს, საღამოს, როცა ცენზურისაგან რედაქციაში საცენზურო ფურცლები დაგვიბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ლუკა ისარლოვს ამ ლექსში დასაწყისი სიტყვა “ერთხელც” ამოეშალა. რადგან ლექსი დამახინჯებული იყო, ილიამ დამავალა ეტლით წავსულიყავ ისარლოვთან და მეთხოვნა, რომ ამოშლილ სიტყვის დაბეჭდვის ნებართვა მოეცა… ათი საათი იქნებოდა, როდესაც ისარლოვთან მივედი. იგი აბაზანაში მჯდომარე დამიხვდა. ისარლოვი მომცრო ტანის კაცი იყო, მოკლე, ღიპიანი, მელოტი და ლოყები თურაშაულ ვაშლსავით მუქი წითელი ჰქონდა. როდესაც ლაპარაკობდა, სახეს საშინლად ჰმანჭავდა. როდესაც გამოვუცხადე ჩემი მისვლის მიზეზი, მრისხანედ დაიძახა: – რას ლაპარაკობთ, მაგის დაბეჭდვა ყოვლად შეუძლებელია, ეგ ღვთისა და სარწმუნოების წინააღმდეგია. ვიღაცა ფშაველია, ორჯერ ხომ არ უნდა სიკვდილი. ერთხელ უნდა მოკვდეს, ბევრჯერ სიკვდილი ვის გაუგონია?

ბევრი ვეღრიჯე, მაგრამ ჩემმა თხოვნამ ამაოდ ჩაიარა და დაუკმაყოფილებელი გამოვბრუნდი. როდესაც ეს ამბავი ილიას ვუამბე, ეს საზოგადოდ დიდად მძიმე და დინჯი კაცი, ფეხზედ წამოვარდა, საშინლად გაწიწმატდა და ორივენი იმავე ეტლით ისევ ისარლოვის სახლის კარებს მივადექით. ისარლოვი მე თუ მრისხანედ დამიხვდა, ილიას დანახვაზე მთლად მოიკუნტა, შეიკუმშა და ერთი ორად დაპატარავდა. სალმის შემდეგ ილიამ უთხრა: – აბა, ლუკა, შენ ჭკვიანი კაცი ხარ, ისე რუსეთის მთავრობა ცენზორად არ დაგნიშნავდა… მაგრამ, აბა, ერთი მიბრძანე, რომელი ჭკუათა-მყოფელი კაცი დაამახინჯებს ასე ლექსს და ასე უდანაშაულო სიტყვას ამოშლის… აბა, იქ ისეთი რა სწერია, პოეტი ამბობს, რომ ერთხელაც იქნება მოვკვდებიო, მაშ რა უნდა ეთქვა, ორჯერ მოვკვდებიო ხომ არ იტყოდა… ერთი სიტყვით, ილიამ იმავე ლოგიკური მოსაზრებით დაუწყო დავა ისარლოვს, რომელიც ამან ჩემთან ლაპარაკის დროს გამოიყენა. შემკრთალმა ისარლოვმა თითქმის მუდარით უპასუხა: – რა ვქნა, კნიაზო, მაგ ლექსის წინააღმდეგი მეც არა ვარ, სამსახურში აღარ დამაყენებენ. შესცვალეთ როგორმე ეს სიტყვა და მე ხელს მოვაწერო… ილიას შეებრალა შეშინებული ისარლოვი და რომ ვერაფრით დაიყოლია, თითონ იმას ჩააწერინა: „ერთხელც“-ის ნაცვლად „როცა“ და ამ რედაქციით დაიბეჭდა კიდეც ეს ლექსი გაზეთში.“

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები