ავქსენტი ცაგარელის პირველი გამოსვლა სცენაზე

ერთ მშვენიერ დღეს ავქსენტი ცაგარელს ქუჩაში დავით ერისთავი შეხვედრია და რეპეტიციაზე წაუყვანია, იქ მსახიობებისთვის წარუდგენია. ნიკო ავალიშვილს დრო უხელთია და ასიკოსთვის მიუმართავს: “ყმაწვილო, უნდა დაგვეხმაროთ და ერთი რამე როლი იკისროთ ჩვენს წარმოდგენაში, ვთამაშობთ “ძალათ ექიმს”… ასიკოც მოკრძალებით დათანხმებულა: “მომცეს “ძალათ ექიმში” გლეხი-კაცის როლი, რომელიც სულ ზეპირად დავისწავლე, ჩემიც და სხვისი როლებიც. წარმოდგენის დროს სცენაზე ჩავღუნე თავი (რადგანაც ხალხისა მრცხვენოდა) გამოუქნელი მოზვერივით და თვალების ბრიალით ავტეხე გაზეპირებული სიტყვების ჭექა-ქუხილი… სხვა მოთამაშეთ ყურს არ ვუგდებდი და როგორც კი გავათავე ჩემი როლი, გავწიე კარებისკენ, მაგრამ შიშნიაშვილმა მტაცა ხელი: “ბიჭო, სად მიდიხარ, ჯერ ჩვენ ნახევარიც არ გვითქვამსო?!” ხელმეორედ დამაბრუნეს და სხვებთან ერთად გამამეორებინეს ჩემი როლი. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა სცენაზე.” – წერდა ცაგარელი თავის დღიურში. ასე დაუკავშირა ბედი ქართულ თეატრს და სწორედ იქ გაიცნო თავისი ცხოვრების თანამგზავრი, უნიჭიერესი მსახიობი – ნატო გაბუნია.

ნატო გორის ციხის ზედამხედველის თანაშემწის – მერაბ გაბუნიას ასული გახლდათ. თავდაპირველად გორში ეზიარა სცენას, 19 წლის კი თბილისში გადმოვიდა. გასაკვირი არ არის, რომ ახოვან, სასიამოვნო გარეგნობის ასიკოს გულში ჩავარდნოდა შავთვალწარბა, ეშხიანი ნატო, რომელიც დღენიადაგ ქართულ კაბასა და ჩიხტიკოპში იყო გამოწყობილი. სხვათა შორის, ნატოს ასე ეცვა სიცოცხლის ბოლომდე. 1882 წელს ასიკო და ნატო დაქორწინებულან კიდეც…

ეტყობა დიდხანს ვერ აიტანა ცოლის პირველობა ავქსენტი ცაგარელმა, მსახიობობას თავი დაანება და სუფლიორობას მიჰყო ხელი. სხვათა შორის, ძალიან ყურადღებიანი, გულისხმიერი და კარგი სუფლიორი ყოფილა: “როლი სრულიად არ ვიცოდი, მაგრამ ისეთი კარგი სუფლიორი გვყავდა ავქსენტი ცაგარელი, რომ ადვილად ვძლიე გაჭირვებას და გამარჯვებული დავრჩი.” – ასე იხსენებდა თავის სასცენო დებიუტს ეფემია მესხი.

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები