105 წლის წინ, 1918 წლის 18 სექტემბერს, ღმრთივმიიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე)

1918 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის სობოროს სამრეკლოდან მწუხარების ზარმა ჩამოჰკრა და ქუთათურებს თავიანთი მწყემსთავრის უეცარი გარდაცვალება ამცნო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ, 1918 წლის 18 სექტემბერს, ნაშუადღევს, 1 საათზე, ქუთაისის საარქიელო სახლში (რომელიც მდებარეობდა ბაგრატის ტაძრის გალავანში და დაანგრიეს გასული საუკუნის 80-იან წლებში), 52 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე).

1918 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის საეპარქიო და საოლქო სასამართლოს კრებამ სამღვდელოებასთან ერთად მოისმინა სამწუხარო შემთხვევა მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაადგინა: „დეპეშის საშუალებით ეცნობოს სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს თავმჯდომარეს, კათალიკოსის მოსაყდრეს, საქართველოს ყველა მღვდელმთავარს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საერო საბჭოს თავმჯდომარეებს მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ.“

რა მოხდა 1918 წლის 18 სექტემბერს? ბურუსითაა მოცული… ისევე, როგორც 1918 წლის 27 ივნისის მარტყოფის ტრაგედია და კირიონ კათალიკოსის მკვლელობა.

1918 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები საინტერესოდ აქვს აღწერილი დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძეს. წერილები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მოგონებებში მოყვანილი ზოგიერთი ფაქტი საარქივო მასალითაც დასტურდება. ჩანაწერებში გვხვდება ერთ-ერთი თავი შემდეგი სათაურით: „კირიონის სიკვდილი; ქუთათელის დაღუპვა“, რომელშიც დეკანოზი ერთად განიხილავს ორი მაღალი იერარქის გარდაცვალების ამბავს.

ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონის (გიორგაძე) დაღუპვასთან დაკავშირებით ის მოგვითხრობს: ,,1918 წლის ენკენისთვეს დაიღუპა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი. ეს მოაწამლვინეს მისსავე სიძეს, ტომით ფანლიანდიელს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ანტონის ასული…

ნაწლავები ტფილისში გამოგზავნეს გამოსარკვევად. აქ ექიმმა ლომოურმა ქიმიურად გამოიკვლია და აღმოჩნდა შიგ ვერცხლის წყალი და თაგვის შაქარი-მიშიაკი! ეს საქმეც მიაფუჩეჩეს; ანტონის სიძე და ქალი, არც ვიცი, სად მიიმალნენ.“

დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ამაღელვებელი სიტყვებით გამოემშვიდობა განსვენებულ მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელს:

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მწყემსთავარო!

შენმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ გლოვის ზეწარი გადაფარა ამერ-იმერეთს და, ამ მოზღვავებულ მორწმუნეებთან ერთად, მრავალს შენს პატივისმცემელს მიაყენა უღრმესი მწუხარება, უგზოობის გამო რომ ვერ მოსულან ამ ცხედრის თაყვანისაცემად და შენგან უკანასკნელი ლოცვა-კურთხევის მისაღებად!

რით დაიმსახურე, მეუფეო, ესეთი სიყვარული?

ნუ თუ მით, რომ იყავ მაღალხარისხოვანი სამღვდელო პირი?

მეუფეო წმიდაო! მღვდელმთავრები წინადაც გარდაგვცვლია, მაგრამ ასეთი გულწრფელი მწუხარება იშვიათად განგვიცდია.

1918 წლის 24 სექტემბერს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) საკათედრო ტაძრის ინტერიერში დაიკრძალა. აღნიშნული ტაძარი საბოლოოდ დაანგრიეს 1924 წელს და დიდი მღვდელმთავრების განსასვენებელიც დაიკარგა.

წყარო: ირაკლი ლორთქიფანიძე, XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან – ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, 2019.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები