„დათა თუთაშხია“ თურქი მკითხველისთვის და სიყვარული, რომელიც „სხვა ადამიანად გაქცევს“

„გარკვეულ სიტუაციაში ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს“- ეს ფრაზა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიადანაა“. თუკი კლასიკოსის ამ მოსაზრებას ქართველებზე უანგაროდ შეყვარებული თურქი მეცნიერის, ჰარუნ ჩიმქეს მისამართით გამოვიყენებთ, ვიტყვით, რომ მან უკვე არა ერთ სიტუაციაში მოგვცა იმის საშუალება, რომ მის პიროვნებასა და ხასიათზე სწორი და უტყუარი დასკვნა გაგვეკეთებინა.

ამიერიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ჰარუნ ჩიმქეს დახმარებით, თურქი მკითხველი ქართველი მწერლის ამ უკვდავ რომანს მშობლიურ ენაზე გაეცნობა.

14 ივნისს, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში, მის მიერ თურქულად თარგმნილი ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას” პრეზენტაცია გაიმართა. მას ქართველი მწერლები და ლიტერატურულ წრეებში ცნობილი პიროვნებები ესწრებოდნენ. მანამდე, 6 ივნისს, ქართული საზოგადოებისათვის ამ წიგნის წარდგენა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მოხდა.

ძნელია ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართ ამ პიროვნების დამსახურებები სრულად ჩამოვთვალოთ. ის გახლავთ პირველი ქართველოლოგი თურქეთში, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაში საქართველოში დაიცვა. დისერტაციის თემა ბევრი ქართველისთვისაც ისეთი რთული საკითხი იყო, როგორიცაა „ზმნისწინთა სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“. ბატონი ჰარუნის ინიციატივით გამოიცა ქართული ენის გრამატიკა თურქულ ენაზე.

ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ჰარუნ ჩიმქე ქართულიდან თურქულად წიგნების თარგმნას 2005 წლიდან იწყებს. მის მიერ თარგმნილი პირველი წიგნი სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი „საქართველოს კულტურა“ გახლავთ. 2011 წელს მან თარგმნა პოეტ ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბა ბესარიონისა“, რასაც შვიდი ქართველი მწერლის ნაწარმოებების ნაკრები მოჰყვა. მანვე თარგმნა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“, აკა მორჩილაძის „ჩრდილი გზაზე“, რევაზ თაბუკაშვილის „13 დღე“, დათო ტურაშვილის „გურჯი ხათუნი“, სულხან-საბა ორბელიანის, ტიმოთე გაბაშვილის, გიორგი ავალიშვილის, იონა გედევანიშვილის, გიორგი ერისთავის ნაწარმოებები, ცნობილი ფეხბურთელის, შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი „გუშინ“… სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა მიაწოდა მას „დათა თუთაშხიას“ თურქულ ენაზე თარგმნის იდეა. ბატონი ჰარუნი ამ ამბავს ასე იხსენებს:

„მინდა გავიხსენო, როგორ დავიწყე „დათა თუთაშხიას“ თარგმნა. თურქული გამომცემლობის შეკვეთით უნდა მეთარგმნა შოთა არველაძის ბიოგრაფიული ჟანრის წიგნი „გუშინ“. წიგნის თაობაზე ავტორს უნდა შევხვედროდი. მაშინ შოთა არველაძე ტრაპიზონის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი იყო. შეთანხმებისამებრ ტრაპიზონში, ერთ-ერთ კაფეში, შევხვდი მას. მისალმების შემდეგ შოთა არველაძის პირველი შეკითხვა იყო, „ჩემი წიგნის თარგმნა რად გინდა, როცა დათა თუთაშხია უთარგმნელი არისო“. ცოტა არ იყოს, დავიბენი. აზრზე რომ მოვედი, ვუთხარი, როგორ არ მინდა დათა თუთაშხიას თარგმნა, მაგრამ არ ვიცი, ვის, როგორ ვუთხრა-მეთქი. მისი მეორე შეკითხვა იყო, „აბა, როგორ თარგმნი, ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო“. ეს იყო ჩემი მეორე დაბნევის მიზეზი. როცა ეს ამონარიდი მესმის, სულ ბატონი შოთა არველაძე მახსენდება. იმ შეხვედრაზე ამაზე მეტი აღარ გვისაუბრია. გავიდა დრო და მე შოთა არველაძის წიგნის თარგმნა დავამთავრე“

ამის შემდეგ, ცნობილ ფეხბურთელთან სტუმრობის დროს, მან მწერალი დათო ტურაშვილი გაიცნო. სწორედ მისი დახმარებით შეიტყო ბატონი ჰარუნის განზრახვის თაობაზე ამირეჯიბის ოჯახმა. მალე თურქმა პროფესორმა წიგნის თარგმანზე ჭაბუა ამირეჯიბის შვილის, ქუცნას თანხმობა მიიღო. „ასე დავიწყე „დათა თუთაშხიას“ თარგმნა, რომელშიც ჩემი მთელი არსებაა ჩადებული. აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო კავკასიის უნივერსიტეტის მიმართ, რომელმაც ამ წიგნის გამოცემაში ფინანსური დახმარება გასწია.“ – გაიხსენა მან.

როდესაც თურქი მეცნიერის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან საქმიანობას იხსენებ, გადაჭარბებული სულაც არ გეჩვენება მისი ნათქვამი: „ქართული ენის სიყვარულმა მე მაქცია სულ სხვა ადამიანად, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რომელიმე დღე რომ არ მქონდეს ქართულთან შეხება, ცუდად გავხდები.“

და ბოლოს, კიდევ ერთი ფაქტი – თავის დროზე, ქალაქ რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა.

„ადამიანის ცხოვრება მის მეტ-ნაკლებ მნიშვნელოვან საქციელთა ჯამია“ – ეს ფრაზაც „დათა თუთაშხიადანაა“ – ჰარუნ ჩიმქემ ქართული ენის, ქართველებისადმი სიყვარული თავისი საქციელით და საქმიანობით უკვე არა ერთხელ დაამტკიცა…

📷 მარიამ მანჯგალაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები