10 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ქართველი მკლავჭიდელების გამარჯვება ფინეთში

19-20 მაისს, ფინეთში, ქალაქ ლაუკაში,IFA-ს ეგიდით ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც 17-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატზე საქართველოდან 13 სპორტსმენი გაემგზავრა.

შედეგები ასეთია: 10 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მედალი მარჯვენა და მარცხენა მკლავში.

  • ზვიად ხაჩიძემ 2 ოქრო და 1 ვერცხლი
  • რატი ჭყოიძემ 1 ოქრო და 1 ვერცხლი
  • რატი რეხვიაშვილი(70კგ) 2 ოქრო
  • დავით ხეთაგური(78კგ)- 1 ოქრო, 1 ვერცხლი
  • ჰუსეინ ალიევი(70კგ)- 2 ოქრო
  • შალვა გაბისიანი(70კგ) 1 ბრინჯაო
  • ფირუზ ჭელიძე (86კგ) 1 ვერცხლი
  • მაჰმუდ ჭელიძე (95კგ) 1 ვერცხლი
  • ლუკა მგელაძე(86კგ) 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
  • ვახტანგ ბერიძე(105კგ) 2 ოქრო მარჯვენა-მარცხენა ხელში

ქართული კვირა ფინეთში მკლავჭიდელთა ნაკრების წევრს გიორგი ღვინჯილიას დაუკავშირდა და გაესაუბრა:

– „ძალიან რთულია იყო სპორტსმენი, რადგან ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრია, ყველაზე მთავარი ისაა, რომ შეგიძლია შენს ქვეყანას დიდი გამარჯვება მოუტანო. მაყურებელი და გულშემატკივარი ხედავს მხოლოდ შედეგს, რეალურად ამ შედეგის უკან ძალიან დიდი შრომა და მომზადებაა. ფაქტობრივად მთელი დრო მიაქვს ვარჯიშს, სხვა ვერაფერზე ფიქრობ, მხოლოდ გამარჯვებაზე და ვარჯიშზე.

ჩვენ  ყველანი ჩვენი ხარჯით წამოვედით. თავიდან უფრო მეტნი ვიყავით – ზოგმა სამწუხაროდ ვერ მოიპოვა სახსრები და ვერ მოახერხა შეჯიბრებაზე წამოსვლა… ბევრი რამ გვჭირდება, 6 თვე შეჯიბრებამდე მოიცავს სპეციალურ კვებას და ასევე საკვებ დანამატებს სისტემატურ ვარჯიშის დროს. ძალიან საწყენია, ისედაც ამდენი წინააღმდეგობა გვხვდება და ამ ყველაფერს ემატება უსახსრობა.

შევეცადეთ ყველანაირად ნაკლები დანახარჯით გვემგზავრა. შევიკრიბეთ და წამოვედით საბრძოლო განწყობით, მოსაგებად.

საქართველოში მოგვაქვს 10 ოქროს მედალი, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.  შედეგი ორივე ხელისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ათჯერ გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ათჯერ აიწია ქართული დროშა.

აქ ძირითადად მეგობრები ვართ, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, ძალიან ამაღლებული შეგრძნებაა, ამაყი დგახარ და უყურებ მთელი დარბაზი როგორ უსმენს შენი ქვეყნის ჰიმნს და გრძნობ რომ შენს შრომას ტყუილად არ ჩაუვლია.

საწყენია, როდესაც მსაჯი არ არის სამართლიანი, მაგალითად დავმარცხდი მეტოქესთან, რომელსაც ვუგებდი და მხოლოდ გაფრთხილებების ხარჯზე მომიგო.

ძალიან გულდასაწყვეტია რომ ვბრუნდებით სამშობლოში და აქ არავინ გვხვდება.

მკლავჭიდი პოპულარული სპორტია, ბევრი ახალგაზრდა არის დაინტერესებული, ხალხი ენთუზიაზმით ვარჯიშობს, სპორტის სიყვარულით… რადგან არაოლიმპიური სპორტია, ამიტომ არ ექცევა სათანადო ყურადღება, დაუფასებლობის გრძნობა საშინელებაა, ყველას გული გვწყდება. ძალიან რთულია ჩემპიონობა. ჩვენი ნაკრების ყველა წევრი ტიტულოვანია.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს, მადლობა ვუთხრა ჩემი ოჯახის წევრებს და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის მისი თანადგომა და ჩემს ძმას, ის ბრძოლის დროს გვერდში მედგა.

ასევე მინდა აღვნიშნო ქართველი ემიგრანტების თანადგომა – ისინი ჩვენს მხარდასაჭერად ავსტრიიდან ჩამოვიდნენ.

ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნაკრების წევრებს, ჩვენ დიდი ოჯახი ვართ.

წინ კიდევ ბევრი შეჯიბრება და გამარჯვება გველოდება.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები