ნოდარ დუმბაძეს უთქვამს: “მე რომ კალამს მოვკიდე ხელი, ეს კეცხოველის დამსახურებააო”

“ნიკო კეცხოველი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რექტორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში.

მართალია, მას მკაცრი რექტორის სახელი ჰქონდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საოცრად გულისხმიერი იყო და შეძლებისდაგვარად ყველას ეხმარებოდა, განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებს გზის გაკვლევაში.

ერთხელ, ნიკო კეცხოველს მოუსმენია როგორ კითხულობდა უნივერსიტეტის კედლებში საკუთარ ლექსებს ყმაწვილი და როგორ გაფაციცებით უსმენდნენ თანატოლები. თავადაც ძალიან მოსწონებია და დაინტერესებულა სტუდენტის ვინაობით. უთხრეს – ნოდარ დუმბაძეა და ეკონომიურზე სწავლობსო. მშობლები რეპრესირებული ჰყავს, მამა დაუხვრიტეს, დედა კი ჯერ ისევ გადასახლებაშიო.

შეწუხებულა ბატონი ნიკო – “ობოლია და ძალიან ნიჭიერი, ხელშეწყობა სჭირდება”, – გაუფიქრებია. სთხოვა მდივანს, რომ სტუდენტი მასთან მისულიყო.

დგას გაოცებული და ოდნავ შეშფოთებული ნოდარ დუმბაძე რექტორის კაბინეტთან და ფიქრობს – რა დავაშავე? იქნებ უნდა გამრიცხონ, მე ხომ “ხალხის მტრების” შვილი ვარ?

ამ ფიქრებშია და შევიდა რექტორის კაბინეტში. კეცხოველი ქაღალდებშია ჩაფლული, რამდენიმე ხნის შემდეგ თავი ასწია და უთხრა – “მომწონს შენი ლექსები, კარგად წერ, არ გინდა, ფილოლოგიურზე გადაგიყვანო?”

ნოდარს სახე გაებადრა და მისთვის ჩვეული იუმორით მიუგო:

– ბატონო ნიკო, მე ეკონომიურზე რომ ვსწავლობ, იმიტომ უკვირთ და მოსწონთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგიურის სტუდენტი რომ ვიყო, მაშინ კი აღარ გაუკვირდებათ.

– ენამოსწრებულიც ყოფილხარ, – გაუცინია გულიანად კეცხოველს.

ამ შეხვედრიდან რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ცნობილ მწერალს ნოდარ დუმბაძეს უთქვამს: “მე რომ კალამს მოვკიდე ხელი, ეს კეცხოველის დამსახურებააო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები