საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა

დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი  სტუმრობდა. ჯგუფის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით განხორციელდა.

ტურის ფარგლებში, სტუმრები,  ქართლსა და კახეთში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.

ღვინის მწერალ ვიქტორია დასკალის შეფასებით, ქართული ღვინო ხარისხითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

„ქართული ღვინოებია აქამდეც გამისინჯავს, დამიწერია მასზე, თუმცა, საქართველოში პირველად ვიმყოფები. აქაურობა არაჩვეულებრივია, ეს არის იმ ყველაფრის ერთობლიობა რაც მე ღვინოში მიყვარს: კულტურა, ისტორია, ლეგენდები, რელიგია. ამაღელვებელი ტურია, მოხიბლული ვარ ყველაფრით, რაც ვნახე; ამ ტურის საუკეთესო ნაწილია იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ამ ღვინოების უკან დგანან; ისტორიის გაცოცხლება და ჩვენთვის გაზიარება. ღვინოები ნამდვილად არაჩვეულებრივია; მე უკვე ვაღიარე, რომ ძალიან მიყვარს ქართული ღვინო, თუმცა მისი საქართველოში დაგემოვნება მეტად განსაკუთრებულია“, – აღნიშნა მან.

ღვინის ტურის ფარგლებში, ბრიტანელი სტუმრებისთვის, თბილისში, სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა, სადაც მწარმოებლებს  შესაძლებლობა მიეცათ, გასაუბრებოდნენ ღვინის პროფესიონალებს და მათგან დიდი ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები მიეღოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები