საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია. ჩვენი გუნდის ოთხმა წარმომადგენელმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და აქედან სამ შემთხვევაში კი საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) ფინალში ბულგარელ ერგიულან სებაჰტინს მოუგო და კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ასეთივე წარმატებას მიაღწია არტიუშ გომციანმა (60 კგ). მომავალი ჩემპიონი  გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ხოსე კუილეს ბროტონს გაუმკლავდა. მესამედ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა გიორგი ყუშიტაშვილმა (86 კგ). საქართველოს ნაკრების წარმომადგენელს ფინალში მასპინძელ რაფაელ ჰოვანისიანთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა და მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩემპიონად გამოცხადდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ლაშა გურულს (67 კგ). ქართველი მოკრივე სერბეთის წარმომადგენელ ვახიდ აბასოვთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 1993 წელს აჩვენეს – მაშინ ბურსას (თურქეთი) რინგზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები