„სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი, სამშობლო იყიდება, მისი სურნელი კი არა“

ოთარ ჭილაძე სამშობლოზე…

„ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო. ნუ ვიუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?! მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც… ბარგზე მჯდომარენიც… ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში…“

„მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე… საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა… „

„რასაც, გასცემ შენია” – გავიძახით მტრისგან წაქეზებულნი და, მართლაც, გავეცით ყველაფერი, რისი გაცემაც შეიძლებოდა – მიწაც, სინდისიც, ღირსებაც… ჩვენი მეცნიერები სხვათა ლაბორატორიებში დაეძებენ მიკრობებს და ვირუსებს, ჩვენი კულტურის მოღვაწენი სხვათა კულტურებს ემსახურებიან, ჩვენი ფეხბურთელები სხვათა მოედნებზე ღვრიან ოფლს, ჩვენი ძალოსნები სხვათა ფიცარნაგებზე იჭინთებიან – ჩვენ კი გვიხარია, ვულოცავთ ერთმანეთს… ტელევიზიამ ხომ რაიმე სასიხარულო ცნობა ერთი ათჯერ მაინც უნდა გაიმეოროს – ვთქვათ, ჩვენი ბიჭები უკვე თურქულადაც ჭიკჭიკებენო… ანდა, თურქეთის საზღვარზე კიდევ ერთი საბაჟო იხსნებაო… კი მაგრამ, რა ვერ გავატიეთ სარფის კარში?! რა დარჩა გასაზიდი?! ჩვენ ან, მართლა, მახსოვრობა დაკარგული ხალხი ვართ, ანდა პატარა გოშიებივით, ბოლოს და ბოლოს ისე მივეჩვიეთ ლომის გალიაში ცხოვრებას, თუ ცხოველთა მეფის თავზარდამცემი, ამაცახცახებელი სუნი არ გვცემს, წონასწორობას ვკარგავთ და ერთმანეთს ვღადრავთ ყელს..“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები