ქართული ანსამბლი ათენში სახალხო დღესასწაულზე წარდგა

ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა „კავკასია“, ორი წლის იძულებითი პაუზის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის ეროვნული გმირის, გიორგოს კარაისკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ სახალხო ზეიმში, რომელიც გაიმართა კერაცინის (ათენის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი) წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაციას ათენის კულტურის ცენტრი “კავკასია” ავრცელებს.

ქართული ანსამბლი  უკვე მეორედ  იყო მიწვეული ათენში ეროვნულ ზეიმზე და მოწვეულ სტუმართაგან, მხოლოდ „კავკასიის“ წევრები იყვნენ უცხოელები.

საგულისხმოა, რომ ეს მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, 1972 წლიდან დაწყებული, 50-ჯერ ჩატარდა ადგილობრივი ეკლესიის, მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით.

საბერძნეთის ეროვნული გმირის, გიორგოს კარაისკაკის ცხოვრების უკანასკნელი ეპიზოდი დაკავშირებულია სწორედ იმ კონკრეტულ ადგილთან, სადაც ღონისძიება ჩატარდა. აქ მას 1820 წელს, მცირე ზომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დაუარსებია; ასევე არსებობს ტრადიცია, რომ მას ამ ტაძარში მხურვალედ ულოცია ფალერონის მისადგომებთან მისი უკანასკნელი ბრძოლის წინ, სადაც ეროვნული გმირი მიღებული ჭრილობების შედეგად, 1827 წლის 23 აპრილს დაიღუპა.

„კარაისკაკია – 50“- ის დასკვნითი, საღამოს პროგრამა მოიცავდა რამდენიმე ოფიციალურ მისალმებას და დიდ საზეიმო კონცერტს:

საღამო გაიხსნა ღონისძიების მთავარი მასპინძლის – ნიკეას მიტროპოლიტი, მეუფე ალექსის საზეიმო სიტყვით და ლოცვა-კურთხევით .ღონისძიებაში ქართული ანსამბლის მონაწილეობის შესახებ საუბრისას, მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ჩვენ, ქართველები ერთმორწმუნე და ძალიან ახლობელი ერი ვართ ბერძნებისთვის.

კონცერტის მეორე ნაწილი, რომელშიც ოთხი ქორეოგრაფიული ანსამბლი  მონაწილეობდა, „კავკასიამ“ „ცეკვა ქართულით“ გახსნა. (სოლისტები: მარი შურღაია და ლუკა კიკვაძე).

სახალხო ზეიმის საკონცერტო პროგრამაზე “კავკასიის” მოცეკვავეებმა ასევე ორი ულამაზესი ნომერი  შეასრულეს – „სამაია“ და გრაციოზული „ნარნარი“. ქართულმა ანსამბლმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა

ანსამბლის „კავკასია“ ქორეოგრაფები ეკა გიგოლაშვილი და შოთა ცქიტიშვილი არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები