„მეტი დეველოპმენტი“ დღის ცენტრ „ახალ ნაბიჯებს“, საქველმოქმედო აქციით, უკვე მეორედ ეწვია

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძის მხარდაჭერით, კომპანიის წარმომადგენლები დღის ცენტრ „ახალ ნაბიჯებს“ ეწვივნენ. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაპუნა ხაზალიამ ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრად პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე. მათთან ერთად, დღის ცენტრს ეწვია მსახიობი მაკა შალიკაშვილიც, რომელმაც ბავშვებს, თეატრალიზებული პერფომანსითა და სადღესასწაულო გასართობი პროგრამით, შთამბეჭდავი დღე აჩუქა.

როგორც მაკა შალიკაშვილმა აღნიშნა, ბავშვებმა ის სიხარულით მიიღეს.

„ძალიან დიდი მადლობა „მეტი დეველოპმენტს“, რომ მოვხვდი ამ საოცარ ადგილას. მე წლებია ვმუშაობ ბავშვებთან და ეს ძალიან მიყვარს. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მათ უნდა ვესაუბრო იმაზე, რაც ძალიან უყვართ. იმედია, ამ კეთილი კომპანიის დახმარებით, კიდევ გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ ამ ბავშვებს და მივანიჭოთ ბევრი ნათელი და ბედნიერი დღე,“ – განაცხადა მაკა შალიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „მეტი დეველოპმენტის“ მხარდაჭერით, მაკა შალიკაშვილისა და „ახალი ნაბიჯების“ ბენეფიციარების ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი პაპუნა ხაზალია მიიჩნევს, „ზრუნვა და მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა, რომელსაც „მეტი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გვაქვს სურვილი, მეტი თანადგომა აღმოვუჩინოთ „ახალი ნაბიჯების“ ბენეფიციარებს. ჩვენი ორგანიზებით, მოზარდებს მსახიობი მაკა შალიკაშვილი ლიტერატურისა და მეტყველების შესახებ ინტენსიურად ჩაუტარებს საგანმანათლებლო ლექციებს. მჯერა, რომ განათლება დღეს ჩვენი მომავალი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა პაპუნა ხაზალიამ.

სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა „მეტი დეველოპმენტისა“ და „ახალი ნაბიჯების“ ხელმძღვანელობას და დასძინა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა მსგავსი ცენტრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„რამდენიმე თვის წინ კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ დღის ცენტრს ჩვენი დახმარებით დაუკავშირდა. დღეს ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები უკვე უჩვენოდაც გრძელდება. კომპანია, თავისი ინიციატივით, კიდევ ერთხელ ეხმარება „ახალ ნაბიჯებს“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ცენტრებისთვის, რადგან მათთვის ბიზნესის მხარდაჭერა არის საშუალება, რომლის გარეშეც მათი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ერთი მხრივ, კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობას და ასევე, „ახალი ნაბიჯების“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინოს, რომელიც ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ამ ცენტრისთვის.“ – განმარტა რევაზ სოხაძემ.

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ. მისი თქმით, სახელმწიფო და ბიზნესი მსგავს ცენტრებს ერთობლივად უნდა დაეხმაროს.

„ამ ცენტრში იმყოფებიან სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებსაც ესაჭიროებათ დამატებითი სივრცე, სადაც ისინი დამატებით მიიღებენ განათლებას, ისწავლიან ხელსაქმეს, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით და ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში. „მეტი დეველოპმენტი“ უკვე მეორედ აწყობს ამ ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებას, მოაქვს მათთვის საჭირო პროდუქტები და მათ ცხოვრებას უხალისებს,“ – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე 4 წელია, რაც „მეტი დეველოპმენტი“ სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებაში.

„მეტი დეველოპმენტის“ მმართველის, პაპუნა ხაზალიას გადაწყვეტილებით, კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურობას, განსაკუთრებით, იმ რაიონებში, სადაც კომპანიის კუთვნილი ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.

დღის ცენტრ „ახალი ნაბიჯების“ ბენეფიციარებისთვის „მეტი დეველოპმენტი, საკვები პროდუქტების მიწოდების გარდა, სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებასაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები