გოეთეს ინსტიტუტში პუბლიკაციის „ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა 1918 – 1921“ პრეზენტაცია გაიმართება

18 მაისს გოეთეს ინსტიტუტი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მკითხველს პუბლიკაციის „ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა, 1918 – 1921“ პრეზენტაციაზე ეპატიჟება.

2017 წელს საქართველომ და გერმანიამ ურთიერთობების 200 წლის იუბილე აღნიშნეს – ათვლა 1817 წლიდან, კერძოდ, საქართველოში პირველი გერმანული დასახლების დაფუძნებიდან მოხდა. სწორედ ამ დროს დაიბადა წინამდებარე კრებულის – „ქართულ-გერმანული კულტურის მოზაიკა 1918-1921“ – მომზადების იდეა. მისი გამოცემა კი რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ამ რთულ პერიოდს, რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვა. პერიოდს, როცა თითქოს ძველი გეოპოლიტიკური წესრიგი ჩვენს თვალწინ იცვლება. თავისი მნიშვნელობთ, ცვლილებების მასშტაბით და რყევებით ეს დრო ალბათ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს წააგავს. სწორედ პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, ძველი სამყაროს ნგრევისას იმპერიების დაცემისა და პატარა ერების მიერ დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის ხანას უკავშირდება გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობის სახელმწიფოებრივ ჭრილში გადასვლა.

წიგნი სწორედ იმ დროის მოვლენებს ასახავს და არაერთი დავიწყებული ისტორიის რეკონსტრუქციას ცდილობს. ავტორები (ანა მარგველაშვილი, გიორგი ასტამაძე, ქეთი მეგრელიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი ხვადაგიანი, ივა მინდაძე), თავიანთი კვლევითი ინტერესების გათვალისწინებით გვთავაზობენ 1918-1921 წლების ქართულ-გერმანული პოლიტიკური და კულტურულ-საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს და ერთად აღებული ეს ნაშრომები ქმნიან ქართულ-გერმანული კავშირების უახლესი ისტორიის დიდ პანორამულ სურათს, სადაც მრავალფეროვანი, დრამატული და ხშირად ტრაგიკული ამბები ცოცხლდება.

კრებულს წარადგენენ ანა მარგველაშვილი და ირაკლი ხვადაგიანი. ისტორიკოსი ოლივერ რაისნერი გააკეთებს მოკლე შესავალს საქართველოში გერმანელების ისტორიის შესახებ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები