თომას კვირის სამშაბათი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე

აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავთა კურთხევა აღესრულება. ამ დღეს ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს, გადიან საფლავებზე, ანთებენ სანთელს. მიცვალებულთა სახელზე ეკლესიისა და უპოვარი ადამიანებისთვის შესაწირს გასცემენ.

დღეს ხალხში კიდევ არსებობს აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლის არასწორი წესი. სასულიერო პირთა თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი საფლავზე გასვლა ასევე ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა, მაგრამ იქ მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა! მიცვალებულისთვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა ამ დღეს არ არის მიღებული.

ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს.

 *        *       *

წმიდათა შორის მამისა ჩვენისა; იოანე ოქროპირის – კონსტანტინეპოლელი პატრიარქის მიერ, თქმული სიტყვა: ქრისტიანეთა მიცვალებისათვის.

“…საყვარელნო!

ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა!

ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, – განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან – განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა; უფლისა ჩვენისა – იესო ქრისტესითა.

რომლისა არს, დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე … ამინ!…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები