დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე “Agriteq 2022” საქართველოს სტენდი გაიხსნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ დოჰაში , სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Agriteq 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.საერთაშორისო გამოფენაში 15-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს: აგროქიზიყი, აგროლეინი, ანიგოზა, NUTS.GE, კერკი, გეო ნატურალი, გორჯი, ჯეო ორგანიკი, აუგუსტი, კამპა, სნო, კობი, ალალი, ზეთისხილი. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ვაშლი, კაკალი, მოცვი, მშრალი ხილი, ზეთისხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები და სხვა.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კატარის სახელმწიფოში, ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა. მისი განცხადებით, საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში აქტიურად განაგრძობს მუშაობას.Agriteq ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. Agriteq 2022 წლის 14 მარტს დასრულდება.