მარიამ მოსიაშვილი ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის გუნდს შეუერთდა

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ მოსიაშვილმა ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტში (IST Austria) დაიწყო მუშაობა.ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
IST Austria კვლევაზე ორიენტირებული ინსტიტუტია, რომელიც ასევე ანიჭებს სადოქტორო ხარისხს. ინსტიტუტის ინტერდისციპლინარული კვლევითი ჯგუფები შედგება დოქტორანტი სტუდენტების, პოსტსადოქტორო მკვლევარებისა და სამეცნიერო სტაჟიორებისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ კვლევაზე წამყვანი პროფესორების ხელმძღვანელობით. მარიამი ამ სამ განსხვავებულ კვლევით ჯგუფს ეხამრება აკადემიური და კვლევითი პროცესების ეფექტურ ადმინისტრირებასა და წარმართვაში. ასევე, კოორდინირებას უწევს სამეცნიერო კონფერენციებსა და კვლევით ვიზიტებს.
მარიამი ასევე მიწვეულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “ჯუნიორ ექსპერტები აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში”, რომელიც ივლისში გაიმართება “გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი საზოგადოების” (DGO) ორგანიზებით ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას უნივერსიტეტში.თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარიამ მოსიაშვილმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) ნაციონალიზმის კვლევების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა სწავლა სრული დაფინანსებით. მისი სამაგისტრო თეზისი შეეხებოდა ახალგაზრდა ქართველი აზერბაიჯანელების კომპლექსურ გამოცდილებებს სახელმწიფო ენის შესწავლაზე დაფუძნებულ ინტეგრაციის პოლიტიკასა და რიტორიკასთან მიმართებით. აღნიშნული თეზისი კი მარია კოვაჩის სახელობის წლის საუკეთესო სამაგისტრო თეზისად დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები