“ქრისტეშობის 31-ია, აი ზარები დარეკეს… ნუშსა და ნიგოზს არჩევენ. თაფლი დილიდანვე უყიდნიათ”

საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება საარქივო დოკუმენტები  ახალი წლის თემატიკაზე – გთავაზობთ ამონარიდს საახალწლო ფელეტონიდან – „დროება“, 1868 წლის 5 (17) იანვარი,

“ქრისტეშობის 31-ია, აი ზარები დარეკეს… ნუშსა და ნიგოზს არჩევენ. თაფლი დილიდანვე უყიდნიათ. აი, აგერ დასამხრდა, სანთლები აანთეს, ზედადგარი შედგეს ბუხარში და თაფლით ქვაბი შესდგეს ზედა… დედილოს უჭირავს ჩამჩა და მალ-მალე შინჯავს თაფლსა, უბერავს, რომ გააციოს და შინჯავს ხელით. მოიწია თუ არა, თან ჯავრობს, რომ ამისთანა თაფლი არ მინახავს, ღმერთი უწყრება, არ ეშველაო. თუმცა კი იქნება აგერ ეს ოცდამეცხრამეტე წელიწადია გოზინაყის მოხარშვაზე სულ ასე იცის ლაპარაკი. აი, ამოვიდა თაფლი, გადმოდგეს ზედადგარიდამ, აი შესდგეს კიდევ, მოურიეს და შინჯავენ და ბოლოს ჩაჰყარეს ნიგოზი, აურიეს კარგად, ამოიღეს, დაასხეს სინებზე…

ახლა ნუში ჩაჰყარა, ახლა დაასხა სინზე. და ბოლოს ფანჯრებში დააწყეს და ყველა წელში გასწორდა და გულის ფანცქალი დაუმშვიდდა რომ თაფლი არ დაიწვა და გოზინაყი აგერ სადაცაა ვახშამზე მზათ იქნება… დადგა ოთახში თაფლის სუნი და ყველას აჟრჟოლებს, აცივ – აცხელებს, რომ დაგვაბერებენ, აგერ ვახშამი დაიწყო, ბებია იგონებს, თავის დროზე, უწინ, რა იცოდნენ სადა ეს რა გოზინაყს მოხარშავდა, თუმცა ადრე და უფრო ადრე გოზინაყის მოხარშვა არ ყოფილა გავრცელებული, ამ ერში, როგორც ახლა იმერშია თურმე, (მიზეზი რასაკვირველია გაუნათლებლობა იქნებოდა) ბებია ცოცხლებს და მიცვალებულებს მოიგონებს, ორიოდე ცრემლს ჩამოჰყრის და ბოლოს ურიგებს გოზინაყს – ასე ტკბილად დამიბერდით, ასე ტკბილად დამიბერდითო…

თქვენ განა ამაში პოეზიას არა ჰხედავთ?

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები