ფრიბურგის უნივერსიტეტის სერიით გამოცემულ კრებულში ქართველ მკვლევართა სტატიები დაიბეჭდა

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ ცოფურაშვილისა და ფრიბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ტიციანა სუარეს-ნანის ედიტორობით Reichert Verlag-ის გამომცემლობაში დაიბეჭდა კრებული Héritages platoniciens et aristotéliciens dans l’Orient et l’Occident (IIe–XVIe siècles) [პლატონური და არისტოტელური მემკვიდრეობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში (II-XVI საუკუნეები)].ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კრებულში, რომელიც გამოიცა შვეიცარიულ სერიაში Scrinium Friburgense, ქართველ მკვლევრებთან ერთად შესულია შვეიცარიის, ჩეხეთის, ირლანდიის, ავსტრიისა და ბელგიის უნივერსიტეტებსა თუ სამეცნიერო ინსტიტუციებთან აფილირებული მკვლევრების პუბლიკაციები.

კრებული ეფუძნება მოხსენებებს, რომლებიც 2019 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაზე „ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“ იქნა წაკითხული. კონფერენციის ქართველი და შვეიცარიელი ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მოხსენებების საფუძველზე დაწერილი სტატიები კრებულში გაერთიანდა და ფრიბურგის უნივერსიტეტის სერიით გამოიცა.

წიგნი, რომელიც გარდა იმისა, რომ შვიდი ქართველი მკვლევრის (ლელა ალექსიძის, მაგდა მჭედლიძის, თამარ ხუბულავას, ანა ქირიას, ნინო დობორჯგინიძის, თამარ ცოფურაშვილის, მაკა ლაშხიას) საერთაშორისო სტატიებს აერთიანებს, ერთ თავს ექსკლუზიურად უთმობს იოანე პეტრიწის პროკლეს კომენტარის უახლეს კვლევებზე დაფუძნებულ ანალიზს, ხოლო აღმოსავლეთ საქრისტიანოდან კი ფოკუსში აქცევს ქართულ შუა საუკუნეებს და მის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას. პატრისტიკა, ბერძნული ნეოპლატონიზმი, იოანე პეტრიწი, ლათინური შუა საუკუნეები, რენესანსი – კრებულის ეს ხუთი თემატური ნაწილი შესაბამის თემებზე დაწერილ სტატიებს აერთიანებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები