გოეთეს ინსტიტუტში გამოფენა “თანმდევი ექო – მეაბრეშუმეობის არქიტექტურა” გაიხსნა

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გამოფენა “თანმდევი ექო – მეაბრეშუმეობის არქიტექტურა” გაიხსნა. მონაწილეობენ: ჯოვანა სილვა და ოლაფ ნიკოლაი, კურატორი: ნინა ახვლედიანი.ექსპოზიციის დიზაინი: ჰელმუტ ფოლტერი.

გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბაქოს გოეთეს ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.Სხვადასხვა კვლევისა და, ასევე, მხატვრული და კურატორული იდეების საფუძველზე, ეს გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის არქივებთან მრავალმხრივი წვდომის შესაძლებლობას იძლევა. გამოფენას საფუძვლად დაედო იმ მასალების შესწავლა, რომლებიც მუზეუმის ურბანული იკონოგრაფიის ახლებურ გააზრებაში ქალაქგეგმარებისა და სოციალური მახასიათებლების როლს ასრულებს.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოს აღარ გააჩნია აბრეშუმის ინდუსტრია, ქვეყნის მეაბრეშუმეობის წარსულის კვლევამ და შესწავლამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ბაქოს გოეთეს ცენტრის მხარდაჭერით, მუზეუმმა შეძლო მის კოლექციაში არსებული მინის ნეგატივების გაციფრულება. როგორც თავად კოლექცია, ისე ამ გამოფენისთვის შერჩეული საარქივო მასალა, უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში აბრეშუმის მეწარმეობასთან დაკავშირებული კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების საკვლევად.

“მუზეუმის გადარჩენას თანამედროვე ტექსტილის ხელოვანთა ერთიან ძალისხმევას უნდა ვუმადლოდეთ, რომელთაგან ერთ-ერთია ნინო კუპრავა, მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი. ხელოვანთა ამგვარი ჩართულობიდან გამომდინარე, ალბათ, არც ისაა შემთხვევითი, რომ მუზეუმი სახელოვნებო კვლევისა და კრიტიკული ძიებისთვის უნიკალურ ექსპერიმენტულ გარემოს ინარჩუნებს” აღნიშნულია აბრეშუმის მუზეუმის განცხადებაში.

აბრეშუმის მუზეუმთან ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ვიზუალურმა არტისტმა ოლაფ ნიკოლაიმ, მუზეუმის სხვადასხვა ტიპის საგამომცემლო აქტივობაზე მორგებული პლატფორმა SERI(a) შექმნა. პირველი გამოცემისთვის, ჯოვანა სილვამ, შენობის კომპლექსურ სტრუქტურებთან ერთად, ფოტოგრაფიულად აღბეჭდა მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკა, საექსპოზიციო ავეჯი და შენობის ყოველდღიური საჯარო ფუნქცია. ეს ყველაფერი გახლდათ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სამუზეუმო დაწესებულების ნაწილი. 2020 წელს დაიწყო მუზეუმის სამწლიანი კონსერვაციისა და აღდგენის პროცესი. გამოფენაზე წარმოდგენილი სილვას დოკუმენტაცია, რომელიც მუზეუმის შენობის სამწლიანი აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე მომზადდა, ფასდაუდებელ არქივად და ორიენტირად იქცა; განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა მუზეუმი და მისი კოლექციების ნაწილი დამთვალიერებლისთვის დროებით მიუწვდომელი რჩება.გამოფენა 2022 წლის 19 იანვრამდე გასტანს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები