“ნეტა ის დრო დადგეს, რომ ჩემი ქვეყნიდან არავინ არსად აღარ გადაიხვეწოს! “

“რომ არ მოვყვე არ შემიძლია – გულში არ მეტევა” – ექიმი გიორგი პირველი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„წინა კვირას მანქანით წავედით ბრიუსელიდან ბრიუგეში ,,წმინდა სისხლის” ბაზილიკური ტაძრის სანახავად.  შესანიშნავი არქიტექტორული ძეგლია და ამასთან ერთად ეკლესია, რომელიც აშენდა მე-12 საუკუნეში, როგორც სამლოცველო ფლანდრიის გრაფის კარზე დარომელშიც ინახება რელიქვია – ქრისტეს სისხლი, რომელიც სავარაუდოდ შეაგროვა იოსებ არიმათიელმა და წმინდა მიწიდან ჩამოიტანა ტიერი ელზასელმა, ფლანდრიის გრაფმა, აშენდა 1134 წლიდან 1157 წლამდე, მას მიენიჭა მცირე ბაზილიკის წოდება 1923 წელს.

თავი რომ არ მოგაწყინოთ დიდად აღფრთოვანებულები დავრჩით ნანახით.

უკანა გზაზე, რაღაცამ მომიარა და  ტრასიდან გადავუხვიეთ. ქალაქ ალტერში შევიარეთ სასადილოდ. წვიმდა. მანქანით ვმოძრაობდი ძალიან დაბალი სიჩქარით და თან ვათვალიერებდი არე – მარეს.

უცებ, თვალში მომხვდა მაღალი ბრგე მამაკაცი, დაახლოებით სამოცი, სამოცდახუთი წლის, რომელიც ფეხით გზას მიუყვებოდა და ოი საოცრებავ! თავზე ეხურა სვანური ქუდი, ოდნავ შელახული…  იმდენად იმოქმედა ამან ჩემზე, რომ უცებ გადავხტი მანქანიდან, მივარდი მასთან და ფრანგულად შევეკითხე: „მეგობარო მითხარით საიდან გაქვთ ეს ქუდი?”, მანაც სუფთა ფრანგულით მიპასუხა – “ეს ქუდი ჩემი სამშობლოდან ჩამოვიტანეო” და რაღაც განცვიფრებული მომაშტერდა.  ასევე ფრანგულად ვთხოვე მოსულიყო მანქანის საბარგულთან. გავხსენი მანქანის საბარგული სადაც დაახლოებით 7-8 ცალი სვანური ქუდი მელაგა.

ამჯერად ქართულად ვუთხარი ,,ამოირჩიე რამდენიც გინდა ჩემო ძმაო, ხომ ხედავ სხვა და სხვა ფერებია”. კაცს ხელიდან კინაღამ გაუვარდა ჩანთა, სიხარულით გადავეხვიეთ ერთმანეთს და ასე ვიდექით რამდენიმე წუთი.

ჩემი თანამგზავრები გაოცებულები იყურებოდნენ მანქანის ფანჯრებიდან. ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. წვიმაში ორი უცნობი ადამიანი ვეხუტებოდით ერთმანეთს.

არ მინდა ამ კაცის გვარი და სახელი დავწერო. ის რაჭველია ონის რაიონიდან და 20 წელზე მეტია აქ ცხოვრობს ,,პურუკებს აცხობს”  და ოჯახიც თან ჰყავს წაყვანილი. ცხოვრობს ბედნიერად, მაგრამ უსამშობლოდ.

ბევრი გვეხვეწა მის სახლში მივსულიყავით და დაგვესვენა, მაგრამ დავპირდი რომ აუცილებლად ვესტუმრებოდი. ყველა ფერის სვანური ქუდი დავუტოვე, ერთი ბოთლი ,,ხვანჭკარა” მქონდა და გამეხარდა , რომ მანქანაში აღმომაჩნდა იმ დროს და იმ ადგილზე.

მოვდიოდი გზაზე და სულ ამ კაცზე ვფიქრობდი და მისი სიტყვები ჩამესმოდა ,,პურუკებს ვაცხობ გიორგუნა პურუკებს”…

ნეტა ის დრო დადგეს, რომ ჩემი ქვეყნიდან არავინ არსად აღარ გადაიხვეწოს! ვფიქრობდი და ცრემლით მევსებოდა თვალები.

ჩემი თანამგზავრები – კოლეგები მთელი გზა ჩუმად მაკვირდებოდნენ და მანქანიდან ჩასვლისას მითხრეს, რომ ძალიან სენტიმენტალურები და თბილები ხართ ეს ქართველები და ამაშია თქვენი სიძლიერეო…” წერს გიორგი პირველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები