თამაზ ჭილაძე – მწერალი განუმეორებელი „პონის ეტლით „

„მახსოვს, მამამ გადაწყვიტა, ოთარსა და მე მუსიკა გვესწავლა. მისაღებ გამოცდაზე გვეცვა მუქი ლურჯი ხავერდის შარვალ-ხალათი, ყელზე დიდი, თეთრი ქათქათა ბაფთები გვქონდა შებმული და ოთახის ფინიებივით, საცოდავები ვიყავით…“

„ბედნიერი ვარ იმით, რომ ცხოვრებაში არავისი უფროსი არ ვყოფილვარ, ოთარისა და თინას გარდა, ისიც მხოლოდ ასაკის გამო“

ქართული ლიტერატურის ორი ბრწყინვალე წარმომადგენელი – ძმები ჭილაძეები – თამაზი და ოთარი.. ეს თამაზის მოგონებებია, გავა წლები და მაშინ როცა ორივე ძმა იმიერ საქართველოში გადაინაცვლებს, მათი და თინა ჭილაძე დაწერს არაჩვეულებრივ წიგნს „თამაზთან და ოთართან ერთად“ წიგნი მალევე გახდება ბესტსელერი, მანამდე კი…

თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს სიღნაღში დაიბადა , ის  ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი,  საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყო.  1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა, თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიეტუვურად.

..მისი პირველი მოთხრობაა „გასეირნება პონის ეტლით „ აქ დაიბადა ახალი მწერალი- თამაზ ჭილაძე, შემდეგ იყო ბევრი მოთხრობა, პოეტური კრებული, პუბლიცისტიკა და უამრავი პიესა – საქართველოს  ყველა დიდ თეატრში დადგმულია სპექტაკლები მისი პიესების მიხედვით  და ზღვა წარმატება..

„ლექსების წერა ორივემ სიღნაღში პაპიროსის წევასთან ერთად დავიწყეთ. კაკლის ხმელ ფოთლებს ვფშვნიდით, გაზეთის ნაგლეჯში ვახვევდით და იმას ვეწეოდით. თან, ცრემლი ჩამოგვდიოდა ღაპაღუპით, მაინც ჯიუტად არ ვეშვებოდით. მართალია, სიმწარე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სიამოვნება, მაგრამ როგორც ჩანს, „აკრძალული ხილის“ სიტკბო ერია ამ ჩვენ მიერ გახვეულ სიგარეტში. ასე რომ, ჩვენს პოეტობას თავიდანვე ცრემლიც დაჰყვა…“

მართლაც განუმეროებელი იყო მათი – ჭილაძეების ძმობა და დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, ადამიანებისადმი, ლიტერატურისადმი, და როცა ოთარი წავიდა – დარჩა ფრთა მოტეხილი ჩიტივით, ორივე ხშირად ამბობდა ტყუპები არ ვართ,  მაგრამ ტყუპები ვართო…

„ვერაფრით ვეგუები ჩემს ასაკს, მზარავს ციფრების დაუნდობლობა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემში, ჩემი არსების სიღრმეში, სადაც ჩემი მეორე, ანუ მთავარი „მე“ ცხოვრობს, არაფერი იცვლება, ისევ ის ამინდი დგას, როგორიც იდგა ათი, ოცი, ორმოცდაათი წლის წინ…“

„ კიდევ რამდენ ხანს მეყოფა/ ,ნეტავი, მაინც ვიცოდე/  ეს მოგონილი შლეგობა/ ეს მოგონილი სიცოცხლე/ იქნებ წერილი მაღირსო/ სულ ერთი სიტყვა ღარიბი/ ნელა ჩაივლის აგვისტო/ ფეხმძიმე დედოფალივით..“

მართლაც – აგვისტომ ნელა ჩაიარა და  2018 წლის 28 სექტემბერს, ისევ იმ ამინდში, ისევ იმ ჩვეულებრივ დღეს 87 წლის თამაზ ჭილაძე – მწერალი, რომელიც მთელი ცხოვრება განუმეორებელი პონის ეტლით სეირნობდა, წავიდა…

 

  1. მასალაში გამოყენებულია: თამაზ ჭილაძე – „დრო და არითმეტიკა“ (საუბარი ზვიად კვარაცხელიასთან), 
  2. თამაზ ჭილაძე – „არაფრისგანყველაფერი“ (საუბარი ზვიად კვარაცხელიასთან

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები