ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მიშენის ქედზე ქართული დროშა აღიმართა

კანადელი აქტივისტი, ექიმი და სპორტსმენი ტერენს კოსიკარი, პირველი იყო, ვინც 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე მძიმედ დაშავებული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გადარჩენას ცდილობდა. ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ კოსიკარმა საფუძველი ჩაუყარა ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საერთაშორისო პროგრამას Camp My Way, რომლის მიზანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე სპორტსმენების, ექიმების, მაშველების, მეხანძრეების, პოლიციელების რეაბილიტაციაა.

ყოველ წელს ტერენსი, თანამოაზრეებთან ერთად, ბრიტანეთის კოლუმბიის მთებში აწყობს სარეაბილიტაციო – სპორტულ ბანაკს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უტარდებათ ტრეინინგები, იმართება სპორტული შეჯიბრი, ხდება გამოცდილების გაზიარება. ყოველ წელს ამ ღონისძიებას ტერენს კოსიკარი ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას უძღვნის და მის საპატივცემულოდ მთის წვერზე ქართულ დროშას აღმართავს ხოლმე.

ტერენსმა ტრადიციას არც წელს უღალატა, 1 ივლისს, კანადის ეროვნულ დღეს, პროგრამის მონაწილე პოლიციელებთან და მეხანძრეებთან  ერთად დალაშქრა მიშენის ქედი და მის უმაღლეს წერტილზე ააფრიალა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ტერენს კოსიკართან მეგობრობას საფუძველი  2019 წლის მაისში ჩაეყარა, როდესაც ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ იგი საპატიო სტუმრად მიიწვია საელჩოს მიერ ვანკუვერში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე. ელჩი ტელეფონით ესაუბრა ტერენს კოსიკარს და მადლობა გადაუხადა ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი ერთგულებისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის, სხვადასხვა ქვეყნის მაშველების რეაბილიტაციისკენ მიმართული მისი ძალისხმევისთვის.“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები