თბილისი საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს უმასპინძლებს

2021 წლის 29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.

კინოფესტივალი გაიხსნება 29 ივნისს, კინოთეატრ „ამირანში“, ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმით “ნუცა”.

სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 11 ქვეყნის კინოსკოლის 32 ფილმი, რომელთა შორისაა ისრაელი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ინდოეთი, უნგრეთი, არგენტინა და საქართველო.

კინოპროგრამის გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან:

  • გრან-პრი
  • საუკეთესო მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი
  • საუკეთესო რეჟისურა

„სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია რამდენიმე ინდუსტრიული ღონისძიება:

გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, სცენარის განვითარების ვორქშოფი გაიმართება 29 და 30 ივნისს, 11:00 საათზე, რომელსაც გაუძღვება ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიისა და ჰამბურგის მედიასკოლის (გერმანია) პედაგოგი კლაუდია მესემერი. გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის ქ. #16).

„ფიჩინგ ფორუმი“ – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი ჩატარდება 1, 2 და 3 ივლისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (მის.: შოთა რუსთაველის გამზირი №19).

“ფიჩინგ ფორუმი” ხორციელდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

ფორუმის ფულადი საპრიზო ფონდი გაიცემა თბილისის მერიის ხელშეწყობით.

ფესტივალზე, ახალი პროექტის “TALK“ ფარგლებში, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები თავიანთი მუშაობის გამოცდილებას გაუზიარებენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინოს მიმართულების სტუდენტებსა და კინომოყვარულებს. პროექტი, კინოთეატრ „ამირანში“ 30 ივნისს, 1, 2 და 3 ივლისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

4 ივლისს, კინოთეატრი „ამირანი“ ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს, რომელზეც გამოვლინდებიან „ფიჩინგ ფორუმის“ და საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე ნაჩვენები იქნება 2021 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმით.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ “ამირანი”-სა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, “ფიჩინგ ფორუმის” პარტნიორია კინო კომპანია „ჯაგა გრიპი“, რომელიც გამარჯვებულ პროექტებს თიზერის მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველყოფს.“ – ნათქვამია თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 2021- ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები