თოჯინების ექიმობიდან წარმატებულ ექიმ-კოსმეტოლოგობამდე – მარიამ ალექსიშვილის პორტრეტი

“მე ვეხმარები ადამიანებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში” – ასე აფასებს საკუთარ საქმიანობას ექიმი-კოსმეტოლოგი მარიამ ალექსიშვილი.

ბავშვობის სანატრელი პროფესია რეალობად აქცია და ჯერ კიდევ თორჯინებიდან დაწყებულ ექიმობას წარმატებით აგრძელებს. თვლის, რომ ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს, რადგან აკეთებს საქმეს, რომელსაც ადამიანებისათვის სილამაზის მოტანა შეუძლია.

“არსებული გაუმჯობესება ინდივიდუალობის დაკარგვის გარეშე” – ეს მისი პროფესიული სტანდარტია. უფრო მეტს მის პროფესიასა და ცხოვრებაზე მარიამი თავად გვიყვება:

● უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენ შესახებ…

-დავიბადე და გავიზარდე პატარა და ძალიან ლამაზ ქალაქ თელავში. მქონდა საუკეთესო ბავშვობა, რადგან ოჯახის წევრებისგან მუდმივად ვგრძნობდი დიდ სითბოს, სიყვარულსა და თანადგომას, ამასთან ერთად შეძლებისდაგვარად მანებივრებდნენ და მათამამებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ 90-იან წლებზეა საუბარი, მაინც ვთვლი, რომ საუკეთესო ბავშვობა მქონდა და შემიძლია ის პერიოდი ძალიან თბილად და ლაღად გავიხსენო.

● რა პროფესია აირჩიეთ და რატომ – ვინ ან რამ იქონია გავლენა თქვენს არჩევანზე?

-სკოლის დასრულების შემდგომ სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე. ბავშვობიდანვე მხიბლავდა სამედიცინო სფერო, რადგან ეს ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე მზრუნველი პროფესიაა. თანაც, ბებია მყავდა მედიკოსი და მასაც ვბაძავდი. ჩემი საბავშვო თამაშებიც ამ სფეროს უკავშირდებოდა. ჩემი მაშინდელი პაციენტები ჩემი თოჯინები იყვნენ.

● თვლით თუ არა, რომ ხართ იქ, სადაც უნდა იყოთ? 

-დიახ, მედიცინის ეს სფერო ჩემი ბევრი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობის და ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას მაძლევს. ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა, რადგან  თითოეული პაციენტი უნიკალურია და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას. ყველა იმ ნაკლოვანების გამოსწორება, რაც ესთეტიკურ მედიცინას შეუძლია ხშირად ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური სტრესისა და კომპლექსების მომხსნელია. ესთეტიკური პროცედურები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ცხოვრების ხარისხს და უმაღლებს თვითშეფასებას. ვთვლი, რომ ჩემი არჩეული პროფესიით შემიძლია ადამიანისთვის მცირეოდენი ბედნიერების მინიჭება, რაც მეც ასევე მაბედნიერებს. ჩემი კაბინეტიდან გამოსული კმაყოფილი პაციენტი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს ლამაზი, ბედნიერი და ლაღი ადამიანები.

● თვლით თუ არა, რომ ძლიერი ადამიანი ხართ და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

-ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ. ნებისყოფა, პრინციპულობა, მიზანმიმართულობა და პერფექციონიზმი ჩემი ხასიათის ის მკვეთრი ელემენტებია, რომლებიც განაპირობებს ჩემს სიძლიერესა და განმასხვავებელ შტრიხებს.

● რა იგულისხმება თქვენთვის წარმატებული ქალის მიღმა და თავად თუ აკმაყოფილებთ ამ დეფინიციას?

-წარმატებული ქალი ბევრნაირად შეიძლება განიმარტოს, რადგან ქალში ბევრი ასპექტი მოიაზრება. თუ ის შემდგარია როგორც მეუღლე, დედა და რეალიზებული საყვარელ პროფესიაში, ვფიქრობ, ეს ის იდეალური თანხვედრაა, რომელთა ერთობლიობაც წარმატებული ქალის დეფინიციის ოქროს კვეთას ქმნის.

ვფიქრობ, მე ძალიან წარმატებული ქალი ვარ, რადგან მყავს ძლიერი საყრდენი მეუღლის სახით, მყავს საამაყო ტყუპები და შვილობილი ყველაზე ჰუმანური და სათნო ლუის სახით, რომელიც ენდორფინის წყაროა თვითოეული ჩვენგანისთვის და ამასთანავე, ვარ რეალიზებული იმ საქმიანობაში, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

● ვინ ან რამ იქონია გავლენა თქვენს ცხოვრებაზე ?

-ჩვენს ცხოვრებაზე ძირითადად გავლენას მაინც ახდენს ის ფასეულობები, პრინციპები და ინტერესები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენი მშობლებისგან არის კოდირებული. ეს ყველაზე მყარი ფუნდამენტია. თუმცა, გავლენას ასევე ახდენს სხვადასხვა მოვლენა თუ ადამიანი, ვისთანაც გვქონია ურთიერთობები სხვადასხვა დროს. ზოგის გავლენა პოზიტიური იყო, ზოგისაც – ნეგატიური. მე ყველაფერ ამას ვუყურებ როგორც გამოცდილებას, ყველასთან და ყველაფერზე მადლიერი ვარ – ცუდზეც და კარგზეც და ვიყურები მხოლოდ წინ. ვთვლი, რომ უნდა გააანალიზო წარსული, იცხოვრო აქ და ამჟამად და იქონიო მომავლის მიზნები.

● რა ცხოვრებისეული თუ პროფესიული სირთულეების გადალახვა მოგიწიათ და როგორ გაუმკლავდით მათ?

-სირთულეების დაძლევის გარეშე ვერ ძლიერდები, ვერ მიდიხარ წინ, ვეღარ ვითარდები. მე ასე ვუყურებ და სიმართლე გითხრათ, სირთულეებსაც არ ვეძახი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედაპირულად და არასათანადოდ ვაფასებ გამოწვევას. რა წამსაც გააცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი გამოწვევებია, ცხოვრებაც უფრო მარტივდება და ჩვენი ტვინიც უცებ გვაჩვენებს გამოსავლის გზებს. სირთულეების გადალახვის ეს ჩემი მიდგომაა ის გასაღები, რომელიც პოზიტიურ, რეალისტურ და პრაგმატულ გზად რჩება ყოველგვარ გამოწვევასთან გასამკლავებლად.

● საკუთარი გადმოსახედიდან, როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

-პოზიტივი, ნებისყოფა, პრინციპულობა, მიზანმიმართულობა, კეთილსინდისიერება, პედანტურობა და პერფექციონიზმი ჩემი ხასიათის შტრიხებია.

● რამდენად ხართ ორიენტირებული წინსვლასა და განვითარებაზე და რაში გამოიხატება ეს?

-ყველა სფერო, თუმცა მედიცინა და განსაკუთრებით ესთეტიკური მედიცინა რეაქტიული სისწრაფით ვითარდება. მხოლოდ პროფესიის არჩევა კი არა, შემდგომში მზაობაცაა საჭირო მუდმივად განვითარებისთვის. სულ უნდა გედოს ხელი მის მაჯისცემაზე. მე, მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ. სულ მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რადგან ჩვენი სფერო მუდმივად საჭიროებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, ინოვაციური ტექნიკებისა და მეთოდების ათვისებას. მუდმივად ვესწრებოდი სხვადასხვა კონტინენტიდან მოწვეულ წამყვანი ქირურგებისა და ექიმების სემინარებს, მასტერკლასებს და ვორქშოპებს. ასევე, დაგეგმილი მაქვს, პანდემიური პერიოდის გადავლის შემდგომ არაერთ ღონისძიებას და კონფერენციას დავესწრო საზღვარგარეთ. მუდმივად განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ესთეტიკური მედიცინა, საკმაოდ დინამიკურად ვითარდება და აუცილებლად უნდა მიჰყვე ფეხდაფეხ.

● დასასრულს, გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები, რომელთა მიღწევასაც აპირებთ…

-ჩემი სამომავლო გეგმებია უფრო მეტად ეფექტური, მათზე მორგებული მომსახურება და კომფორტული პროცედურა შევთავაზო ჩემს პაციენტებს. მუდმივად პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება  სწორედ ჩემი პაციენტების კმაყოფილებას და იდეალურ შედეგს ემსახურება – შედეგს, რომელიც ჩემი ჩარევით იქნება არსებული რეალობის გაუმჯობესება ინდივიდუალურობის დაკარგვს გარეშე. მე ვეხმარები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები