მონატრებული გემოები – ახალი ქართული კომპანია „ხაზი“

მაგიდას სხვადასხვა ფერისა და გემოს, ჰაეროვანი და სურნელოვანი ორცხობილები ამშვენებდა… სუნისა და გემოს რეცეპტორების წყალობით, წამიერად გადავინაცვლე წარსულში და ბებოს ხელით მომზადებული ტკბილეულის ორომტრიალში აღმოვჩნდი… ორცხობილების ტკბილმა ხაზმა კომპანია „ხაზამდე“ მიმიყვანა და ის ადამიანები აღმომაჩენინა, რომლებიც კოვიდრეალობას არ შეუშინდნენ და სწორედ პანდემიის პერიოდში ჩაუყარეს ახალ ხაზს საფუძველი…

„ხაზის“ მთავარი ნიშა ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული პროდუქციის წარმოება და ფასთა შკალაზე ხელმისაწვდომობის განსაზღვრაა.

ამ ეტაპზე „ხაზის“ მხოლოდ ერთი მიმართულებაა აქტიური – საკონდიტრო ხაზი, რომელიც ტორტებსა და ნამცხვრებს აერთიანებს, ასევე, სხვადასხვა სახის, გემოსა და ფერის უგემრიელეს ორცხობილებს მოიცავს.

სამომავლოდ, კომპანია გეგმავს, გააქტიუროს მზა პროდუქტებისა და ცომეულის ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის ცომეულს, სალათებსა და მზა პროდუქტებს გააერთიანებს. ასევე, ნახევარფარიკატებს, ეს იქნება ხორცისა და სულგუნის პელმენები, ბლინები და ა.შ.

ამის გარდა, მუშაობისა და შესწავლის პროცესშია დიაბეტური პროდუქციის წარმოება, ასევე  ოთხფეხა მეგობრებისთვის სპეციალური კვების ხაზის ჩამოყალიბება.

და ბოლოს, ვინ არის კვების კომპანია „ხაზის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტატა ცუცქირიძე? ტატა, ამავდროულად, საქართველოში ყველაზე დიდი და ულტრათანამედროვე კომპლექსის, ბავშვთა გასართობი ცენტრის „ბუმ ბუმის“ დაფუძნებელიცაა. ალბათ დამეთანხმებით, წარმოუდგენელია შენს გარშემო მუდმივად ბავშვები ტრიალებდნენ და შენ არ იყო ლაღი, კეთილი, კომუნიკაბელური და პოზიტიური. სწორედ ასეთია ტატა, რომელიც არასდროს ჩერდება და მისთვის ერთფეროვნება და ერთ ადგილზე გაჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია.

შესაბამისად, ტატასთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არც პანდემიის პერიოდი ყოფილა, სწორედ ამ პერიოდში დაებადა ახალი იდეა, რომელსაც საფუძველი მალევე ჩაუყარა და ახლა კომპანია „ხაზი“ უკვე განხორციელების აქტიურ ეტაპზეა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ტატას მოადგილემ, ეთო სუჯაშვილმა კულინარიის კურსების გავლა გადაწყვიტა, პრაქტიკული ნაწილის შემდეგ, თავისი მომზადებული ნამცხვარი ტატას დააგემოვნებინა. ტატას და ეთოს, პარტნიორად მათი თანამშრომელი სოფო ფულარიანი შეუერთდა, რომელმაც სააღდგომო პერიოდში პასკების მომზადება გადაწყვიტა. შემდეგ იყო დეგუსტაცია, უამრავი შეკვეთა და დისტრიბუცია მაღაზიათა სხვადასხვა ქსელში.

კომპანია „ხაზის“ გამართულად მუშაობას ხელი ორმა ფაქტორმა შეუწყო: პირველი – „ბუმ ბუმის“ სამზარეულო უახლესი და თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და მეორე – განსაკუთრებული გემო, ესაა ის რაც „ხაზს“ სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ხაზი“ წინასწარი შეკვეთების გარდა, მომხმარებელთან პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისსაც უზუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები