ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა

ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქვევრის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის დამადასტურებელი მოწმობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ გადასცა.

2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარეგისტრაციო მონაცემებში დეტალურად გაწერა ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის ფორმა, აღწერილობა, ზომები და მოცულობა, დასამზადებელი ნედლეული, დამზადების ტექნოლოგია და სხვა მახასიათებლები. აღნიშნული სპეციფიკაციების დაცვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება ეროვნულ საღვინე ჭურჭელს – ქვევრს უკავშირდება. ქვევრის დამზადება ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს.

ქვევრის ღვინოს დღეს თითქმის ყველა ქართული ღვინის კომპანია აწარმოებს, წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტში მისი წილი. ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს  იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სხვა ქვეყნებში აწარმოებენ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები