დიასახლისობიდან ადამიანების ფიზიკური და ფინანსური ჯანმრთელობის სადარაჯომდე 

ინგა იმერლიშვილი შემდგარი ქალია, 2 შვილის დედა, რომელმაც საკმაოდ რთული გზა გაიარა ცხოვრებაში, თუმცა შეძლო, საკუთარი თავი მყარად დაეყენებინა ორივე ფეხზე და საკუთარი პიროვნება ჩამოეყალიბებინა. ახლა ის მსოფლიოში ცნობილ ჩინურ კომპანია FOHOW-სთან თანამშრომლობს და ადამიანებს ფიზიკური და ფინანსური ჯანმრთელობის შექმნაში ეხმარება, ხოლო როგორ მოდის თანხვედრაში ეს ორი სფერო, ქალბატონი ინგა თავად გიამბობს. 

ჩვენს რუბრიკაში დღეს გაგაცნობთ ქალს, რომელმაც საკუთარი საქმე ზრდასრულ ასაკში იპოვა და ახლა ცოდნასა და გამოცდილებას სიამოვნებით უზიარებს სხვებსაც.

_ მოგვიყევით თქვენ შესახებ… 

_ 5-6 წლამდე ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა, მამიკოს პრინცესა ვიყავი და შესაბამისად, ძალიან განებივრებულიც. მამა ნაადრევად დაიღუპა, რაც ჩემი პირველი ბავშვობის ტრავმა იყო, ჩემმა იდეალურმა სამყარომ რღვევა დაიწყო, ძალიან გამიჭირდა მამის გარეშე ცხოვრების გაგრძელება. ზრდასრულ ასაკამდე გამყვა ეს ემოცია, თუმცა, მთელი ცხოვრება მომყვებოდა მამის ხმა – რომ მე ვიყავი პრინცესა, რომ უნდა მქონოდა ყველაფერი საუკეთესო და რომ მე თავად შემეძლო ჩემს ცხოვრებაზე მეზრუნა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა და საკუთარი სიძლიერის აღქმა, მიუხედავად იმ მცირე დროისა, რაც ერთად გავატარეთ, სწორედ მამამ მასწავლა.  

ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ მას ყოველთვის ჰქონდა და აქვს გავლენა ჩემზე, დღემდე მაძლიერებს. 

შემდეგ იყო ოჯახი, 2 შვილი და ყოველდღიური რუტინა, რამაც ცოტა ხნით გადადო ჩემი განათლება და საკუთარი საქმის ძიეbაც. ბავშვები რომ წამოიზარდნენ,  შემდეგ კი უკვე მქონდა საკმარისი დრო და რესურსი, რომ ჩემი საქმე მეპოვა და მეკეთებინა.

სამედიცინო განათლება მივიღე, თუმცა დროთა  განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არ იყო და გადავწყვიტე ძალები ბიზნეს სფეროსკენ მიმემართა – ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, კონტრაქტები, ხელშეკრულებები აღმოჩნდა ის სფერო, სადაც მე თავს ვგრძნობდი ისე, როგორც თევზი წყალში. საკმაოდ მრავალმხრივი გამოცდილების დაგროვების შემდეგ,  ბოლო 5-6 წელია ამ სფეროში ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ აქ ჩემი თავი ვიპოვე.  

_ როგორ იპოვეთ თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე ? 

_ ჩვეულებრივი დიასახლისი ვიყავი, რუსთავიდან თბილისში ჩამოსასვლელ გზის ფულსაც კი ჩემი მეუღლე მიხდიდა, პრაქტიკულად, პირადი შემოსავალი არ გამაჩნდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე, შემდეგ კი მეუღლემ ეს “დაფინანსება” შემიწყვიტა, რისთვისაც ახლა, ამ გადმოსახედიდან მადლობელი ვარ, რადგან ფაქტობრივად ამან მაიძულა, მიმეღო გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად მეზრუნა საკუთარი შემოსავლის შექმნაზე. პირველ ეტაპზე სამეგობრო წრეს ვთხოვდი ფულს, მახსოვს ყველა და მადლიერი ვარ მათი მხარდაჭერისთვის, როცა ეს რესურსიც ამოიწურა გადავდგი მკვეთრი ნაბიჯები წარმატებისკენ და დავიწყე საკუთარი ბიზნესი ისე, რომ ჩემი 5 თეთრიც არ მქონია. მე თავად არაფერი ჩამიდია, ფაქტობრივად. 

ჩემი პირველი 50 ლარი მილიონი მეგონა, არასდროს არ დამავიწყდება ეს შეგრძნება. ყოველთვის, როცა რაიმე გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ, სწორედ ამ შემთხვევას ვიხსენებ, როგორ შევძელი ნულიდან დამეწყო ყველაფერი. ეს მაძლევს მოტივაციას და განცდას, რომ რაც არ უნდა ჩავიფიქრო, აუცილებლად მივაღწევ. დიდი თავდაჯერებულობა შემძინა მაშინ ამ ემოციამ, რომელიც დღემდე მომყვება. 

ჩემი დღევანდელი საქმიანობის სფერო და ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე ორიენტირებულია ადამიანებზე, მათ გამოჯანმრთელებასა და გაჯანსაღებაზე, ასევე, ფინანსურ კეთილდღეობაზე და ეხმარება მათ, მეტად სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ – იყონ ჯანმრთელები როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურად.  

_ როგორ მოდ​​ის ერთმანეთთან თანხვედრაში ფიზიკური და ფინანსური ჯანმრთელობა? 

_ ​პროდუქცია, რომელიც ჩვენს კომპანიას, FOHOW-ს  ახლა შემოაქვს, მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნებისაკენ, ამასთანავე თუკი ნებისმიერი მომხმარებელი დაინტერესდება პარტნიორობით და თავადაც მოიზიდავს მეტ ადამიანს, ავტომატურად ჩვენი დიდი ოჯახის წევრი გახდება და მნიშვნელოვნად გაზრდის საკუთარ შემოსავლებსაც. 

მე ამ გუნდს 10 წლის წინ შევუერთდი, თავდაპირველად მათი პროდუქციის მომხმარებელი გავხდი. ფაქტობრივად, საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე მაქვს გამოცდილი ყოველივე ის, რასაც ახლა სხვებსაც სიამოვნებით ვიზიარებ 

_ რა სირთულეები ახლავს თან ამ პროფესიას და თქვენ როგორ უმკლავდებით მათ? 

_ სირთულეები საკმაოდ ბევრია, თუმცა, პროცესს გაცილებით საინტერესო უფრო ეთქმის, ვიდრე რთული. რა თქმა უნდა, დასაწყისში არაა მარტივი ადამიანებში ნდობა გამოიწვიო იმ ნაწარმის მიმართ, რომელიც მათთვის უცხოდ გამოიყურება, აქამდე ბევრი არაფერი სმენიათ და შენ გიწევს მისი წარდგენა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაციის დამყარება  და სრული ინფორმაციის მიწოდება. ბუნებრივია, თავადაც უნდა ფლობდე ამ ინფორმაციას, შესწავლილი უნდა გქონდეს პროდუქტის ნაირსახეობა და ზუსტად მოარგო ის მომხმარებლის საჭიროებებს. წლები სჭირდება ამ ყველაფრის შესწავლას. 

პანდემიამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩემს საქმიანობაზე, თუმცა ახლა სიახლეების ეტაპი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ენთუზიაზმი, რომელითაც საქმეს ვუდგები და ენერგია, რომელსაც მასში ვდებ, სასურველ შედეგამდე მიმიყვანს.  

_ რა მოგცათ ამ სფერომ ახალი? 

_ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანებთან ურთიერთობა. მიხარია და მაბედნიერებს, როცა ვხედავ, როგორ ვეხმარები მათ. შედეგი, რომელსაც ერთად ვაღწევთ, ემოციურად შეუცვლელია. ყველაზე დიდი, რაც ამ სფერომ მომცა საკუთარი თავის საჭიროდ და სასარგებლოდ აღიარებაა – მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. . 

_ ​ხართ თუ არა ორიენტირებული წინსვლაზე და რაში გამოიხატება ეს? 

_ სიახლეებს თუ ფეხი არ ავუწყვეთ, ზოგადად, ბევრ რამეს ჩამოვრჩებით ცხოვრებაში. რასაკვირველია, ეს ეხება ჩემს სფეროსაც, რომელიც მუდმივად მზარდი და განვითარებადია და ჩემგანაც იმავეს მოითხოვს. შესაბამისად, მე მოდუნების დრო არ მაქვს და დიდი ნაბიჯებით ვაგრძელებ მუდმივ წინსვლას. 

_ დასასრულს, გაგვიზიარეთ, რას ეუბნებით ყველაზე ხშირად სამყაროს და რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომელიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ? 

_ პირველ რიგში, მადლიერი ვარ ყველაფრის, რისი საშუალებაც მაქვს ცხოვრებაში – რომ შემიძლია, ვიყო რეალიზებული და ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო, რომ მაქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი, შესაბამისად, სამყაროსაც სწორედ ამ მადლიერებას ვუზიარებ. 

მათ კი, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვურჩევდი, არასოდეს დანებებულიყვნენ. ყოველი კრიზისი ჩემს ცხოვრებაში ახალი და წინაზე უკეთესი ეტაპის დასაწყისი ყოფილა. მგონებია ისიც, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა და გვირაბის ბოლოს სინათლე არასდროს გამოჩნდებოდა, მაგრამ ახლა ვარ აქ და ზუსტად ვიცი, რომ თუ არასდროს დანებდებიან, მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.  

  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები