“იყო ბედნიერი – ეს შენი არჩევანია,  აირჩიე ბედნიერება”  –  ინტერვიუ თინათინ ზენაიშვილთან 

“აირჩიეთ ბედნიერება” – სწორედ ამ სიტყვებით დაასრულა “ქართულ კვირასთან” საუბარი ფსიქოლოგმა თინათინ ზენაიშვილმა, რომელიც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, ახლა ქოუჩინგის აკადემიაში კიდევ ერთი პროფესიას ეუფლება. თინათინი თავად გვიამბობს ფსიქოლოგის როლსა და მნიშვნელობაზე და ქოუჩინგზე, როგორც პროფესიაზე, რომელიც ადამიანს უკეთესად ყოფნაში ეხმარება. 

_ ქალბატონო თინათინ,  რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყავით?

_ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუდმივად ამ პროფესიაში ვარ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო და მეტად განვვითარდე. დიდი ხნის განმავლობაში სკოლის ფსიქოლოგად მუშაობის შემდეგ, ჩავთვალე, რომ მხოლოდ ამ პოზიციაზე დიდხანს ყოფნა ვერ გამზრდიდა პროფესიულად – საჭირო იყო მეტი უშუალო კონტაქტი და  2005 წელს დავიწყე მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებთან მუშაობა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში არ არსებობდა ამ ასაკობრივ კატეგორიაზე მორგებული პროგრამები, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებდნენ.  15 წელი ვიმუშავე ბავშვებთან და თუკი მე დღეს წარმატებული ფსიქოლოგი ვარ, დიდი წილი სწორედ ამ წლებისა და ამ გამოცდილების დამსახურებაა.

ადამიანის პიროვნული სტრუქტურა მეტ წილად ამ ასაკში ყალიბდება, ფსიქოლოგის ჩართვის აუცილებლობა კი განპირობებულია იმით, რომ  ამ დროს ბავშვის ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და აღზრდაში დაშვებული შეცდომები კარგად ჩანს, საჭიროა  მისი დროული კორექტირება, რომლის შემდეგაც ბავშვი  სწორი მიმართულებით ვითარდება. ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა ჩემი უპირველესი მოვალეობაა.

_ თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ პერიოდი, როცა პირველი წარმატება აღიარეთ და რით განისაზღვრებოდა ეს? 

_ სიმართლე გითხრათ, წარმატებებით განებივრებული ადამიანი ვარ. ყველა სფეროში, რომელსაც ვეხებოდი, წარმატებული ვიყავი და ვარ – დაწყებული სკოლიდან და ჩემი პროფესიით დამთავრებული. ყველა საქმეს დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით ვუდგები. არ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემი არაა, ამიტომ წარმატებაც თავისთავად მოდის. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს   თავს მოხვეული საქმიანობა, რომელშიც კომფორტულად არ ხარ ნაკლებპროდუქტულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ადამიანები, რომელთა  სიყვარული და მხარდაჭერა  მეტის კეთებისაკენ გიბიძგებს.

ჩემ გვერდით ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელთაც სჯეროდათ ჩემი, მენდობოდნენ მიუხედავად ამისა, ეს არ ამცირებს საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულობას. ყოველთვის საკმაოდ მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, რაც განაპირობებს კიდეც მუდმივ სწრაფვას სიახლეებისა და განვითარებისაკენ.

 _ რა არის ფსიქოლოგია და რას ნიშნავს იყო ფსიქოლოგი?

_ ფსიქოლოგია, თუ კლასიკურად განვმარტავთ, ეს არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არის ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ფსიქოლოგიური კვლევა გულისხმობს ფაქტების აღწერას, გამოკვლევასა და პროგნოზირებას. შესაბამისად ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელია კითხვები რა?  როგორ? რატომ?  ადამიანის ქცევის მიღმა იმალება გარკვეული მოტივები, განზრახვები. მთავარი, რასაც ფსიქოლოგი აკეთებს – სვამს კითხვებს, აღწერს ფაქტებს თუ რა მოხდა და ადგენს მის მიზეზებს.  კითხვა “რატომ” უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგისათვის, რათა დაადგინოს, რა ხდება ქცევის მიღმა  რატომ, რა მოტივით იქცევა კონკრეტული ადამიანი ასე. მე რომ მკითხოთ, ეს პროფესია სუბიექტური რეალობის შეცვლის პროფესიაა.  ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სულიერი ტკივილები, მოუგვარებელი პრობლემები, რომელთა გადაჭრის რესურსი ჯერ არ უპოვნიათ, ჩვენ კი ამ ადამიანების სულის ფანჯრებში ვიხედებით, ვეხმარებით იპოვოს ძალა საკუთარ თავში,  ისწავლოს პრობლემის რესურსად გადაქცევა, აიღოს აქედან საუკეთესო გაკვეთილი და გააგრძელოს სრულფასოვანი ცხოვრება.

სწორად დასმული კითხვებით, სწორი პოზიციითა და იმ სიფრთხილით, რომელსაც პაციენტის სულის ნაწილთან შეხებისას იჩენს, კარგი ფსიქოლოგი მას გამოსავლის პოვნაში ეხმარება.

_  რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პროფესიაში?

_ გულწრფელობა, პროფესიონალიზმი და ადამიანის სიყვარული არის ის მთავარი თვისებები, რომლებიც ნებისმიერ ფსიქოლოგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

_ ხართ თუ არა ორიენტირებული მუდმივ განვითარებაზე და რაში გამოიხატება ეს?

_ ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც ხვდები, რომ ის რესურსი, რომელიც გაგაჩნია, აღარაა საკმარისი და მუდმივი განვითარების, სიახლეების გარეშე წინ ვერ წახვალ. ფსიქოლოგია არაა ზუსტი მეცნიერება, ისევე, როგორც მუდმივად ვითარდება და იცვლება ადამიანი, იცვლება ჩვენი პროფესიაც. ჩემი კარიერის გარკვეულ ეტაპზე შევნიშნე, რომ ჩემი ტექნიკური ცოდნა და რესურსი აღარ იყო საკმარისი, აღარ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საკუთარ თავს ვუყენებდი.  გადავწყვიტე, რომ ბავშვებთან მუშაობაში ძალიან დამეხმარებოდა არტთერაპია, შევითვისე ეს პროფესია და არტთერაპევტი გავხდი. შემდეგ ეტაპზე ჩავთვალე, რომ ესეც აღარ იყო საკმარისი და დავიწყე ფსიქოკონსულტირების შესწავლა. რადგან მუშაობ რა ბავშვებთან, აუცილებლად გიწევს მუშაობა მშობლებთანაც – მათ უნდა შეცვალონ მიდგომები და აღზრდის მეთოდები, რასაკვირველია, ბავშვის სასიკეთოდ. შესაბამისად, აუცილებლად გჭირდება ოჯახის სტრუქტურის შესწავლა, რამაც გადამაწყვეტინა, რომ ოჯახის ფსიქოკონსულტირებასაც დავეუფლო.

_ შემდეგ ეტაპზე თქვენ გადაწყვიტეთ ქოუჩინგს დაუფლებოდით, რა იყო მთავარი მოტივაცია, რამაც ქოუჩინგის სკოლაში მიგიყვანათ?

_ ფსიქოლოგი გეხმარება, რომ თავი იგრძნო კარგად, ქოუჩი კი უკეთესად ყოფნაში გეხმარება.  ქოუჩინგის სკოლაში სწორედ ამიტომ მოვედი, მას შემდეგ, რაც ადამიანი უკვე თავს კარგად გრძნობს, მნიშვნელოვანია მას მეტი პერსპექტივა, უფრო შორი ჰორიზონტი დაანახო და ბედნიერებისაკენ წაიყვანო. ქოუჩი სწორედ ამ ძალების პოვნაში ეხმარება ადამიანის – ეს ორი პროფესია ერთმანეთს ძალიან ავსებს. ფსიქოლოგი ეხმარება ადამიანს არსებული პრობლემის მოგვარებაში,  ქოუჩი კი მომავლის ორიენტირებს უჩვენებს – საით უნდა რომ იაროს.

_ რას სთავაზობთ დღეს თინათინ ზენაიშვილი საკუთარ მომხმარებლებს?

_ მე ვარ დამოუკიდებელი ტრენერი და ვთანამშრომლობ სხვადასხვა ცენტრთან, ტრენინგებს ვატარებ სხვადასხვა მიმართულებით. ერთ–ერთი მიმართულება, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია არის  –  “როგორ გავხდე კარგი მშობელი”. თავად 4 შვილი მყავს და ვცდილობ, ჩემი გამოცდილება გავუზიარო, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ტრენინგებზე ვაჟღერებ, ამ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, არცერთი სიტყვა არაა ყალბი და ჰაერიდან მოტანილი.  ამ ტრენინგებზე მშობლებს ვაძლევ ზუსტ მარკერებს, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. აღზრდის მეთოდი, რომელსაც მე ვუწევ რეკომენდაციას ეკუთვნის ამერიკელ თერაპერტსა და ფსიქოლოგს თომას გორდონს. ესაა ყველაზე დემოკრატიული, ჰუმანური და თერაპიული მეთოდი არსებულ მეთოდებს შორის და ერგება ყველა ეროვნების ადამიანს.

_ თქვენი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები  ბავშვის აღზრდისას უშვებენ? 

_ მშობლები შვილებს არ უსმენენ და შესაბამისად, მათი არ ესმით, ვერ უგებენ და ვერ იგებენ ბავშვების საჭიროებებსა თუ სურვილებს. როდესაც  ჩემი უფროსი შვილი ესტონეთში სწავლობდა, ხშრად ვწერდით ერთმანეთს წერილებს, ერთხელაც მომწერა ასეთი ფრაზა: “გარემო, სადაც იზრდებოდი შენ და გარემო, სადაც ვიზრდები მე,   არ გვაძლევს ერთმანეთთან მარტივად საუბრის საშუალებასო”. ეს სიტყვები ძალიან დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემთვის. მართლაც როგორია გარემო, სადაც ვზრდით შვილებს, არის მარტივი და კომფორტული?  ერთ-ერთ ტრენინგზე, ბათუმში მყავდა ქალბატონი, რომლის შვილმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შეხვედრის ბოლოს ამ ქალბატონმა მითხრა – მე რომ ეს ტრენინგი ადრე მომესმინა, ახლა ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდაო. რასაკვირველია, ამის დარწმუნებით თქმა არ შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ტრენინგები ადამიანებს აფიქრებს საკუთარ შეცდომებზე და უჩვენებს მათი გამოსწორების გზებსაც.

_ ფაქტობრივად, თქვენ მუდმივად უსმენთ ადამიანების პრობლემებსა და  ტკივილს, აისახება თუ არა ეს თქვენს ემოციებზე და ზოგადად, რამდენად რთულია ფსიქოლოგის პროფესია? 

_ საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ რთულია,  მაგრამ საინტერესო. არის წინააღმდეგობებიც, თუმცა  არ მაქვს უფლება გავჩერდე. როდესაც ადამიანს უსმენ,  მის ტკივილს განიცდი, გარკვეული პერიოდი მისი ცხოვრებით ცხოვრობ. ეს ნამდვილად არაა მარტივი, თუმცა ეს არის ჩემი არჩევანი.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? როგორც ვიცით, “თიკოს სახლის” გახსნას გეგმავთ…

_ “თიკოს სახლი” ძალიან მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, ეს იქნება ფსიქოლოგიური განათლებისა და განვითარების სახლი. აქ მოსულ ბავშვებს დახვდებათ ზღაპრული სამყარო, ყველა პირობა რაც საჭიროა მათი ჰარმონიული განვითარებისათვის, სითბო და სიყვარული. აქვე დაარსდება მშობელთა სკოლა, სადაც მშობელები შეძლებენ  ისწავლონ ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, რომლებიც დაეხმარება შვილებთან ურთიერთობაში.

 _ ქალბატონო თინათინ, რას ეუბნებით ყველაზე ხშირად სამყაროს და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?

_ სამყაროს ყველაზე ხშირად მადლიერებას ვუგზავნი იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს.  რაც ყოფილა და არის ჩემს ცხოვრებაში. ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ბედნიერება არის სადღაც შორს, განუსაზღვრელ დროსა და სივრცეში. თითქოს სულ მის ძიებაში ვართ, არადა ბედნიერება მუდამ ჩვენს გვერდითაა. ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ სტატიას კითხულობენ, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ციტატას ვეტყოდი:

ვარდნა – ეს არის ცხოვრების წესი, ფეხზე დადომა – ეს არის ცხოვრების არსი, იყო ცოცხალი – უფლის საჩუქარია, მაგრამ იყო ბედნიერი – ეს არის ჩვენი საკუთარი არჩევანი და მე ყველას ვეუბნები: აირჩიეთ ბედნიერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები