ნანა ექვთიმიშვილის რომანი „მსხლების მინდორი“ EBRD–ს ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი

EBRD–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლიტერატურული პრემიის EBRD Literature Prize 2021–ის გრძელ სიაშია.

ამ ლიტერატურულ პრემიაზე  რვა ენაზე დაწერილი 10 მწერლის წიგნია წარდგენილი, პრემიის სამი ფინალისტი და მთარგმნელი 2021 წლის 3 მაისს გამოვლინდება.

EBRD–ს ლიტერატურული პრემია 2017 წელს დაფუძნდა.

პრემია, რომელიც  20 ათასი ევროა, გაიცემა მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებზე, რომელიც დაწერილია მშობლიურ ენაზე, შემდეგ თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გამოცემულია ბრიტანულ ან ევროპულ გამომცემლობაში.

ნანა ექვთიმიშვილის რომანში მოქმედება 1990–იან წლებში თბილისის ერთ–ერთ სკოლა–ინტერნატში ხდება, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მიტოვებული ბავშვები არიან. ბრიტანელმა კრიტიკოსებმა რომანს „პოსტსაბჭოთა ქართული ცხოვრების ურყევი სურათი“ უწოდეს, რომელიც თბილისელი შშმ 18 წლის სკოლის მოსწავლის თვალით არის დანახული. რომანი ინგლისურად ელიზაბეტ ჰეიუეის მიერაა თარგმნილი.

ნანა ექვთიმიშვილის რომანი „მსხლების მინდორი“ ჟურნალმა The Calvert Journal-მა 2021 წლის იანვარში აღმოსავლეთ ევროპაში გამოცემული საუკეთესო წიგნების ათეულში დაასახელა.

ნანა ექვთიმიშვილის მოთხრობები პირველად თბილისურ ლიტერატურულ ალმანახ „არილში“ 1999 წელს გამოქვეყნდა. „მსხლების მინდორი“ კი პირველად 2015 წელს გამოიცა.

ნანა ექვთიმიშვილი – ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორია. მან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და კონრად ვოლფის სახელობის გერმანიის კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის ინსტიტუტი  დაამთავრა პოტსდამში.

მიღებული აქვს პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის დებიუტი“, ასევე „ილიაუნის ლიტერატურული პრიზი”, პრემია „ლიტერა“ და ასევე სხვა ლიტერატურული პრემიები.

ის მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების ავტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები