ხელოვნების სასახლეს ალექსანდრე ბენუას სამი საუკეთესო ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა

საქართველოს ხელოვნების სასახლეს მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა დღეს ძვირფასი შემოწირულობა გადასცა. მუზეუმის კოლექციამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის, „ვერცხლის საუკუნის“ გამორჩეული წარმომადგენლის ალექსანდრე ბენუას სამი საუკეთესო ნამუშევარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს.

“ ეს არის  ესკიზები იდა რუბენშტეინის ანტრეპრენიორობით გამართული  ბალეტისათვის, მორის რაველის მუსიკაზე „ლა ვალსი“ . სამივე ესკიზი 1928 წელს პარიზის გრანდ ოპერისათვის შეიქმნა. აღსანიშნავია ის რომ მორის რაველის მუსიკაზე დადგმული ბალეტი, მოგვიანებით ჯორჯ ბალანჩინმა ნიუორკ სიტი ბალეში  განახორციელა. ხელოვნების სასახლისათვის საჩუქრად გადაცემული ნახატების ავტორი ალექსანდრე ბენუა ერმიტაჟის სამხატვრო გალერეის დირექტორი იყო, მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს ისეთ წამყვან მუზეუმებში როგორებიცაა: ლუვრი, პრადო, ტრეტიაკოვის გალერეა. ბენუა მუშაობდა  სერგეი დიაგილევთან, კონსტანტინე სტანისლავსკისთან, ნემიროვიჩ- დანჩენკოსთან. იგი დიდ პროპაგანდას უწევდა ახალ ხელოვნებას და ტერმინი „ავანგარდის“ დამკვიდრებას სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირებენ.“ , – წერს გიორგი კალანდია.

ბენუას ნამუშევრების ფასი მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონზე 20 ათასიდან 200 ათას დოლარამდე მერყეობს. არჩილ გელოვანმა ხელოვნების სასახლისთვის გადაცემული ნამუშევრები ლონდონში სოტბის აუქციონზე შეიძინა და დღეს დილას თბილისში ჩამოიტანა.

მზრუნველთა საბჭოს თავმჯომარემ მუზეუმში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია ხელოვნების სასახლე „ვერცხლის საუკუნის“ მხატვართა ნამუშევრების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელი გახდეს, ამ მიზნით მუზეუმის მზრუნველთა საბჭო და ფონდი „ფიროსმანი“ ეტაპობრივად თეატრალური ხელოვნების შედევრთა შესყიდვას დაიწყებს. უკვე წარმატებით დასრულდა ბერლინში მოლაპარაკებები და უახლოეს დღეებში ხელოვნების სასახლე ალექსანდრე ბენუას კიდევ 6 ნამუშევარს მიიღებს, მათ შორისაა 1909-1910 წლებში პარიზის “პალე გარნეში“ და „გრანდ ოპერაში“ განხორციელებული დადგმების „ჟიზელი“ და  „ამურისა და ფსიხეას ქორწინები“-ს ესკიზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები