ქოუჩი, როგორც მოტივატორი – როგორ ამოვიცნოთ პროფესიონალი?

სიტყვა „მოტივაციის“ ყველაზე გასაგები და მარტივი განსაზღვრება, ალბათ, რაიმე კონკრეტული ქმედებისთვის ადამიანის შთაგონებაა. ცხადია, რომ ქოუჩინგი ადამიანის პოტენციალის გამოყენებისკენაა მიმართული და თავიდან ბოლომდე მოტივაციის იდეითაა გაჟღენთილი. ძირითად შემთხვევაში, ადამიანები ქოუჩთან ზუსტად მოტივაციის მისაღებად მიდიან. კარგი ქოუჩიც ასე შეგვიძლია ამოვიცნოთ – თუკი სესიის ბოლოს თავს მოტივირებულად გრძნობთ, ესე იგი, სწორ ადგილას მოხვდით.

პროფესიონალ ქოუჩთან ურთიერთობის შემდეგ მიღებული მოტივაციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გულწრფელია. თავად გრძნობთ, რომ თქვენი განცდა და განწყობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ლოზუნგები, რომლებსაც ფსევდო ტრენერებთან შეიძლება გადააწყდეთ; ლოზუნგები, რომლებიც ემოციების უეცარ აფეთქებაზეა გათვლილი და ასევე უეცრად ქრება. სინამდვილეში, მოტივაცია ქოუჩის გულწრფელი შეთავაზებაა – ჩაიხედოს კლიენტის გონებრივ და სულიერ სიღრმეებში, დაეხმაროს მას საკუთარი სიმართლის პოვნაში, რომელიც შემდგომ მიზნის მისაღწევ გზაზე იმედად, უფრო შემდგომ კი, რეალობად იქცევა.

მსოფლიოს წამყვანი ქოუჩინგ-სკოლების მიერ შემუშავებული სტანდარტების თანახმად, ნებისმიერი მოცემულობა ოთხი კომპონენტისგან შედგება: შთაგონება, დანერგვა, მიმდევრობა და დასასრული. ქოუჩის მოვალეობაა, ყველა აღნიშნულ ეტაპზე  დაეხმაროს კლიენტს მოტივაციის პოვნასა და შენარჩუნებაში.

ადამიანი მაქსიმალურად ეფექტური მაშინაა, როდესაც ესმის, თუ რას და რისთვის აკეთებს. მოტივაცია პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გვესმის საკუთარი ქმედებები და რამდენად ვხედავთ მომავალ შედეგს, თუმცა, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საკუთარ ამოცანებში გასარკვევადაც მოტივაციაა საჭირო. მოკლედ, მოტივაციის საპოვნელად ისევ მოტივაცია გვჭირდება, განსაკუთრებით კი, იმისთვის, რომ შინაგანი დაბრკოლებების გადალახვა შევძლოთ, დავძლიოთ შიში, სიზარმაცე და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, საიდანაც გამოსვლაც არ გვსურს. აი, ამიტომ ვერ ვახერხებთ ამას ჩვენ თავად და აი, ამისთვის გვჭირდება ქოუჩი.

სურვილი სულის მამოძრავებელი ძალაა. სული, რომელსაც არ აქვს სურვილი, გაშეშებულია. იმისათვის, რომ გქონდეს სურვილი, უნდა იმოქმედო და უნდა იმოქმედო იმისათვის, რომ იყო ბედნიერი – კლოდ ადრიან ჰელვეციუსი (ფრანგი ფილოსოფოსი და განმანათლებელი)

უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ადამიანს არ აქვს სათანადო მოტივაცია, საერთოდ არაფერს გააკეთებს. ის არ ეცდება საკუთარ თავში გარკვევას, თუ ვერ გაიაზრებს, რისთვის სჭირდება ეს. რა შეიძლება იყოს ადამიანის მამოტივირებელი? – რაღაც ძალიან ღირებული. მაგალითად, სიამოვნება თავად პროცესისგან ან შედეგი, რომელსაც ის ბოლოს მიიღებს. თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს საკუთარი თავისთვის ლამაზ მომავალს, უფრო სწორად კი, მისი დანახვის ეშინია. ეს უცნაურია, თუმცა ასეა. ადამიანს ხშირად აქვს ოცნების შიში, ხოლო ქოუჩინგი მისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ქოუჩი არა მხოლოდ შიშისგან და ორჭოფობისგან გვათავისუფლებს, სრულიად სხვა კუთხიდან გვაჩვენებს საკუთარ თავს.

მსოფლიოს წამყვანი ქოუჩების გამოცდილებით, ასეთი შემთხვევებისთვის ეფექტური ინსტრუმენტები მამოტივირებელი ისტორიები, კონკრეტული ციტატები და გარკვეული მეტაფორებიც კია, რომლებიც ჩვენს გონებას საჭირო რესურსების ქვეცნობიერში მოპოვებისკენ უბიძგებენ. პროფესიონალი ქოუჩები აგროვებენ და ინახავენ ისტორიებს, რომლებსაც კლიენტებს საჭირო დროს საჭირო ფორმით უზიარებენ.

და ბოლოს, პროფესიონალ ქოუჩს შეუძლია, გაგვიწიოს დახმარება კონკრეტულ საკვანძო პრობლემებში, იპოვოს კლიენტის მოტივირების გასაღები, დაეხმაროს მას საკუთარი ხედვის შეცვლაში და მოტივაციით სავსე მომავლის ვიზუალიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები